ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გზა NASA-დან KIU-მდე
20/09/2021


გვანცა ჩიქოვანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელია. ნიჭიერმა გოგონამ სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. იგი STEM მიმართულებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული, ამის ნათელი მაგალითია ის გამოგონება, რომელმაც გვანცას და მის მეგობრებს NASA-ს კოსმოსურ ცენტრში სასწავლებლად წასვლის შესაძლებლობა მისცა. გვანცამ უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ქულათა მაღალი ბარიერი წარმატებით გადალახა და 50%-იანი სახელმწიფო გრანტით KIU-ში ჩააბარა. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრებამ და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მიღწეულმა ამ გამარჯვებამ, მას დამატებითი შანსი მისცა, უნივერისტეტისგან სწავლის (100%) და კამპუსში ცხოვრების დაფინანსებებიც მოიპოვა.


გვანცასთვის პროფესიის არჩევა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, ამიტომ ბედი თითქმის ყველა სფეროში, მიმართულებაში სცადა. 2014 წელს, 11 წლის ასაკში PrivatBank-ის საბანკო ბიზნეს სკოლა დაამთავრა, სადაც საბანკო  მომსახურების მიწოდებისა და პირადი ფინანსების მართვის თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა მიიღო. 2015 წელს სენაკში STEM-ის სპეციალური ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელმაც დიდი  ინტერესი გამოიწვია მასში და სწავლებაში ჩაერთო. 2016 წელს თანატოლებთან ერთად, მონაწილეობდა პირველ რესპუბლიკურ სასკოლო ჰაკათონში, სადაც მისმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა. ამის პარალელურად, დაინტერესდა არქეოლოგიით და მონაწილეობდა ნოქალაქევის არქეოლოგიურ გათხრებში (ბავშვებისათვის), სადაც  შეიძინა ნორჩი არქეოლოგის გამოცდილება. ამავე წლის შემოდგომაზე, ათასწლეულის ინოვაციის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში სკოლის ხუთმა მოსწავლემ, მათ შორის, გვანცა ჩიქოვანმა წარადგინა ინოვაციური პროექტი. მათ შექმნეს ხელსაწყო მეწყერსაშიში ზონებისათვის, რომელიც წინასწარ ამცნობს დარეგისტრირებულ მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. აღნიშნული პროექტით ახალგაზრდებმა დაიკავეს პირველი ადგილი და, როგორც  გამარჯვებულები სასწავლებლად გაემგზავრნენ  NASA-ს კოსმოსურ ცენტრში. იქ თითქმის  ყოველდღე  უტარდებოდათ შეჯიბრებები/კონკურსები, რომელთაგან ერთ-ერთში გამარჯვება (პირველი ადგილი) მოიპოვეს, ხოლო ერთ კონკურსში  მე-3 ადგილზე გავიდნენ. ვიზიტისას შეხვდნენ ასტრონავტ ჯონ დევიდ ბარტოს, რომელმაც ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა,  დაესწრნენ ასტრონავტების წვრთნას უწონადობის პირობებში, რაც სხვა ნებისმიერი ვიზიტორისთვის მიუწვდომელია. დაათვალიერეს NASA-ს კოსმოსური ცენტრი და გამოცდილებებითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლული დაბრუნდნენ სენაკში. გვანცამ ასევე, 2017 წლის გაზაფხულზე, ფიზიკის საერთაშორისო მასტერკლასში მონაწილეობით, მოიპოვა  CERN - ის სერტიფიკატი. 2019 წლის  გაზაფხულზე სკოლის ეკოკლუბმა ეკო - R - მა, 500 აქტიურ სკოლას შორის, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში დაიკავა მე- 2 ადგილი, რომლის ფარგლებშიც, მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესაბამისად, შესრულებული აქვთ 400-ზე მეტი აქტივობა. ამავე წელს, გვანცა და მისი მეგობარი გაემგზავრნენ ფინეთში, სადაც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ეკოლოგიურ  სამიტში, 75 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად. სამიტზე განიხილავდნენ გარემოს,  გლობალურ პრობლემებს  და,  ასევე, იმართებოდა სხვადასხვა აქტივობა. გვანცამ 2019 წელს წარმატებით გაიარა ორკვირიანი  საზაფხულო ბიზნეს სკოლა. ის, ასევე, მონაწილეობდა Peace Corp-ის საზაფხულო ბანაკ Life Camp - ში. 2020 წელს  დაგეგმილი ჰქონდა CISV საერთაშორისო  ბანაკში გამგზავრება, რომელიც პორტუგალიაში იმართებოდა, თუმცა პანდემიამ ხელი შეუშალა და მგზავრობა არ განხორციელდა.


„სხვადასხვა სფეროს ინტერესის მიუხედავად, არჩევანი მენეჯმენტზე გავაკეთე. უნივერსიტეტის არჩევისას ბევრი არ მიფიქრია, იმთავითვე მქონდა გადაწყვეტილი KIU-ში ჩაბარება. KIU-ს სტუდენტობა,  ამ უნივერსიტეტის დაარსების დღიდან,  ჩემი   ოცნება იყო. საერთაშორისო სტანდარტით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება სასწავლო პროცესი, გავიცნობ კურსელებს, პროფესორებს. ვიცი, წინ ბევრი საინტერესო პროექტი და სიახლე მელოდება. კიდევ ერთხელ, განვმეორდები და ხმამაღლა ვიტყვი,  რომ დღეს  ბედნიერი ვარ, რადგან მქვია KIU-ს სტუდენტი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხულ თითოეულ სტუდენტს ვუსურვებ წარმატებას.“ - განაცხადა გვანცა ჩიქოვანმა.


KIU-ს შესახებ: KIU-მ 2020-2021 სასწავლო წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მენეჯმენტის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე მიიღო.  უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი. KIU-ში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)  ქუთაისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. კამპუსი 158 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული და მოიცავს ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.


უნივერსიტეტის მიზანია, რომ 2020 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად გახდეს რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი, რის შედეგადაც საქართველო მოწინავე ადგილს დაიკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე.


წაკითხულია: 1790