რატომ?: გიული ჩოხელის სასიმღერო კარიერა ორმოცდაათიანების შუაში დაიწყო და ის მალევე გახდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი ჯაზ-მომღერალი ქალი. მისმა პოპულარობამ პიკს სამოციანების მეორე ნახევარში მიაღწია, სოპოტის პოპ-ფესტივალზე ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ. სამწუხაროდ, მან ფირფიტების ჩაწერა ძალიან გვიან, სამოცდაათიანებში დაიწყო. თან უცნაურია, რომ მისი პირველი ნამუშევარი არა საბჭოთა კავშირში, არამედ პოლონეთში ჩაიწერა და გამოიცა. სამოცდაათიანებსა და ოთხმოციანებში მან საკმაოდ ბევრი ფირფიტა გამოსცა ; ძირითადად ეს ფირფიტები იქამდე არსებული ჩანაწერების მრავალფეროვანი კომპილაციები იყო; 1978 წლის ნამუშევარი,, შედარებით უფრო შეკრული და ორგანულია და ამიტომაც უფრო კარგად ისმინება, როგორც მთლიანად ალბომი.
თუმცა მრავალფეროვნება არც ამ ალბომს აკლია: აქ ნახავთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ სიმღერებს, მუსიკალურად კი ალბომი ვარირებს სტანდარტული ვოკალური ჯაზიდან ძალიან საინტერესო ორკესტრულ პოპამდე, სადაც თავისებურ, ლამაზ მელოდიებს ოდნავი ფსიქოდელიის ჩრდილები დაკრავს. ამ მხრივ განსაკუთრებით ალბომის პირველი გვერდია მიმზიდველი, სადაც გვხვდება ორი ლამაზი ბალადა, „მზის პალიტრა“და „უსახელო სიმღერა“ – ორივეგან ორკესტრულ ფონზე ლამაზი სასიმღერო მელოდია სოულ-ინტონაციებით იშლება. ბალადური სენტიმენტები დანარჩენ ქართულ სიმღერებსაც ეტყობა, მიუხედავად იმისა, რომ ჯაზ-კომპონენტი ხშირად წინაა წამოწეული. ორი ინგლისური ქავერი ალბომს დიდს არაფერს ჰმატებს, რუსული სიმღერა კი მსუბუქი, სასიამოვნო პოპ-ფანკია.
საინტერესოა ჩოხელის შესრულების სტილიც. ის ძირითადად ჯაზ-ინტონაციების დაჭერას ცდილობს, მაგრამ მისი ხმის ტემბრი იმდენად მელოდიურია, რომ ჯაზი და სპონტანური მელოდიზმი ერთმანეთს კალეიდოსკოპივით ენაცვლება. ეს კარგად სჩანს ზემოთნახსენებ ოკესტრულ ბალადებში.