ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კვლევის პრეზენტაცია
13/11/2013
მედია ანონსი

13 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი
დიანა დუნდუა,
კომუნიკაციის მენეჯერი
599248222
diana@cida.ge

ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კვლევის პრეზენტაცია

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", გაიმართება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის კვლევის პრეზენტაცია. აღნიშნული კვლევა განხორციელდა, როგორც სოციოლოგიური კვლევის, ასევე სასამართლო პრაქტიკის ანალიზის ფორმებით და მისი ჩატარება უზრუნველყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდამ".

კვლევა მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• რომელ სახელმწიფო ინსტიტუტებს ენდობიან ეთნიკური უმცირესობები?
• როგორია სასამართლოს მიმართ ნდობა?
• რამდენად მიუწვდებათ ხელი დავების სამართლიანად გადაწყვეტაზე სასამართლოს საშუალებით?
• როგორ აფასებენ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას?
• აქვთ თუ არა შესაძლებლობა დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ მოსახლეობას მიიღოს იურიდიული დახმარება?
• რა ტიპის სადაო საკითხების შესახებ სმენიათ?
• რამდენად კეთილგანწყობილია საზოგადოება ეთნიკური უმცირესობების მიმართ?
• საჯარო სამსახურში თანამშრომლების მიღება უფრო ხშირად რის საფუძველზე ხდება?

„ეროვნული უმცირესობების მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კვლევა" განხორციელდა პროექტის „ხელმისწვდომი მართლმსაჯულება ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისთვის ადმინისტრაციული სამართლის სფეროში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა" ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის "JILEP" პროგრამის მხარდაჭერითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა" სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე - პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით. „სიდას" საქმიანობის არეალი მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.

წაკითხულია: 2360