ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
თბილისის მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ
17/10/2008


           

ანონსი მედიისთვის

17 ოქტომბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
 


თბილისის მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ

თბილისი, 2008 წლის 20 ოქტომბერი, 11:30 საათი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზი (მის: პეკინის № 30ა, III სართული) უმასპინძლებს სემინარს თბილისში მოქმედი მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის. სემინარი იმართება  "მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ" კამპანიის ფარგლებში. სემინარის დაწყებამდე, 11:00 საათზე, ამავე დარბაზში გაიმართება წითელა-წითურას საწინააღმდეგო აცრების კამპანიის პრეზენტაცია, რომელსაც ოფიციალურად გახსნიან ბ-ნი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და ქ-ნი ჯოვანა ბარბერისი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

სემინარზე, გარდა ინფორმაციული მხარისა, დაგეგმილია მედიის წარმომადგენელთათვის თემასთან დაკავშირებული ბეჭდური მასალების, სასაჩუქრე პაკეტების და გაეროს ბავშვთა ფონდის სერტიფიკატების გადაცემა, რასაც ერთობლივი კოლეგიალური ლანჩი დაასრულებს.

სემინარი მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენელთა აღჭურვას წითელა-წითურას ვირუსთან დაკავშირებული საბაზისო ინფორმაციით და მათთვის იმ რეალური საფრთხის წარმოჩენას, რომელიც ხშირად თავს იჩენს მოსახლეობის მხრიდან აცრების უგულებელყოფის გამო, რაც პირველ რიგში არასრულფასოვანი ინფორმაციის ფლობითაა გამოწვეული.

არსებითია მედიის როლი საზოგადოებისათვის წითელა-წითურას ვირუსის რეალური საფრთხის გაცნობის საკითხში, რისთვისაც ინფორმაციულ ბაზას პროექტის - "მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ" ფარგლებში ჩატარებული სემინარები უზრუნველყოფს. ჟურნალისტების ინფორმაციულმა მზადყოფნამ კი შესაძლებელია არა მხოლოდ ხელი შეუწყოს იმუნიზაციის პროცესს, არამედ არა ერთი სიცოცხლეც იხსნას.

"მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ" პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა სემინარები საქართველოს რეგიონულ ქალაქებში - ქუთაისსა და ბათუმში. პროექტი 20 ოქტომბერს თბილისში, ხოლო 21 ოქტომბერს კი თელავში სემინარების ჩატარებით დაგვირგვინდება.

"მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ" კამპანია არის წითელა-წითურას საწინააღმდეგო მასობრივი აცრების კამპანიის ნაწილი, რომელიც ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

###

მსოფლიოში წითელასაგან ყოველდღიურად 663 ადამიანი იღუპება, 2007 წელს კი ამ ვირუსისაგან აუცრელობას 242 ათასი ადამიანი შეეწირა. წითელათი და წითურათი შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი რომელსაც აღნიშნული დაავადების გადატანა არ აქვს ლაბორატორიული ანალიზით დადასტურებული ან რომელიც არ არის ორჯერ აცრილი. სწორედ ამიტომ, წითელა-წითურას საწინააღმდეგო იმუნიზაციის მასობრივი კამპანია მოუწოდებს 6 დან 27 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობას წითელა-წითურას საწინააღმდეგო იმუნიზაციისაკენ. აცრები ჩატარდება პოლიკლინიკებში, ამბულატორიებში,  უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ვაქცინა უსაფრთხოა, აცრები კი უფასო!


საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ჯიბუტი
"მედია წითელა-წითურას წინააღმდეგ" კამპანიის კოორდინატორი
გაეროს ბავშვთა ფონდი
ტელ: 877 46 55 90
ელ-ფოსტა:
tako@publicity.ge

წაკითხულია: 8118