მედია ანონსი
იურიდიული დახმარების სამსახური 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
სახელმწიფოს მიერ შექმნილ იურიდიული დახმარების სამსახურს 10 წელი შეუსრულდა. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, 20 ნოემბერს, 13:30 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საზეიმო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები, ადვოკატები, მოსამართლეები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, საზოგადოებას გააცნობს იმ შედეგებს, რომლებსაც ქვეყანამ იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით მიაღწია. დაგეგმილია იურიდიული დახმარების სამსახურში ყველაზე ხანგრძილავად მომუშავე თანამშრომლების დაჯილდოება.
საქართველოში იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმა 2005 წელს დაიწყო. რეფორმის შედეგად შეიქმნა სახელმწიფო ორგანიზაცია – იურიდიული დახმარების სამსახური. მან ჩაანაცვლა ე.წ. „სახაზინო ადვოკატის“ სისტემა, რომელიც ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას - ვერ ახდენდა დაცვის უფლების უზრუნველყოფას იმ პირთათვის, ვისაც ფინანსური მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას, ესარგებლა კერძო ადვოკატის ძვირადღირებული მომსახურებით.
2005 წელს, საცდელი პროექტის ფარგლებში, თბილისსა და ზესტაფონში ამოქმედდა იურიდიული დახმარების ბიუროები, სადაც კონკურსის გზით შერჩეული, კვალიფიციური ადვოკატები დასაქმდნენ. მომდევნო წლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისების რაოდენობა 18–მდე გაიზარდა, უფასო საადვოკატო მომსახურება 75 ათასზე მეტმა პირმა მიიღო, უფასო იურიდიული კონსულტაციით კი 100–ზე მეტმა პირმა ისარგებლა.
დღეისათვის, უფასო იურიდიული დახმარება უზრუნველყოფილია როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. იურიდიული დახმარების სამსახური ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია. მისი დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილია იურიდიული დახმარების საბჭო.
იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმას წლების მანძილზე აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია, ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველო“, ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვები.
###
მისამართი: თბილისი, გუდიაშვილის №7, ეროვნული ბიბლიოთეკის მე–3 კორპუსი
საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი 599 427737, gselimashvili@legalaid.ge