ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იურიდიული დახმარების სამსახური ერთი წლის გახდა
03/07/2008

ანონსი მედიისთვის

დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის


იურიდიული დახმარების სამსახური ერთი წლის გახდა



5 ივლისს, 13 საათზე, იუსტიციის სამინისტროში იურიდიული დახმარების სამსახურის დაარსებიდან ერთი წლისთავის აღსანიშნავად პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების მიზანია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შედეგების, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხილვა. პრეზენტაციას დაესწრებიან იუსტიციის მინისტრი - ნიკა გვარამია, მინისტრის მოადგილე - მაია კოპალეიშვილი, ასევე ეუთოს, ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს”, USAID-ის, ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პრეზენტაციას მისასალმებელი სიტყვით იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია გახსნის, ხოლო იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი - რუსუდან ტაბატაძე სამსახურის წარმატებულ განვითარებაზე ისაუბრებს და სტუმრებს საინტერესო სტატისტიკას გააცნობს.

იურიდიული დახმარების სამსახური იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ფარგლებში 2007 წლის ივლისში ამოქმედდა. მისი მიზანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული დაცვის უფლების განხორციელება და იურიდიულ დახმარების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს. დღეისათვის, სამსახურის 10 ბიურო და 2 საკონსულტაციო ცენტრი კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის რეგიონებსა და თბილისში ფუნქციონირებს. მიუხედავას იმისა, რომ რეგიონული ოფისების უმრავლესობა 2007 წლის ნოემბრიდან მოქმედებს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა და კონსულტანტებმა ათასობით სოციალურად დაუცველ მოქალაქეს უფასო სამართლებრივი მომსახურება გაუწიეს.

იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურება მოქალაქეთათვის სრულიად უფასოა და მოიცავს იურიდიულ კონსულტაციას ყველა სამართლებრივ საკითხზე; სამართლებრივი დოკუმენტაციის (განცხადება, შუამდგომლობა) შედგენას სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებთან დაკავშირებით; ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. 2009 წლიდან საზოგადოებრივი ადვოკატების მომსახურება ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის საქმეებზეც გავრცელდება.

საკონტაქტო პირი: გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
ტელ: 93 20 90
მობ: 899 42 77 37
ელ-ფოსტა:
gselimashvili@legalaid.ge
ვებგვერდი: http://www.legalaid.ge/

###

წაკითხულია: 8671