ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილის განსაზღვრის საკითხზე დისკუსიები იწყება
03/12/2008

 

ანონსი მედიისთვის

3 დეკემბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილის განსაზღვრის საკითხზე დისკუსიები იწყება

4 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომათა დარბაზში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის ორგანიზებით სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილის განსაზღვრის საკითხზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ღონისძიების მიზანი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის შესაძლო ადგილის შესახებ დისკუსიის დაწყებაა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან სახალხო დამცველი, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებითა და სამართლებრივი კონსულტაციით უზრუნველყოფს. სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და დღეისათვის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს.

იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილის განსაზღვრის საკითხი დღისწესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებად ჩამოყალიბდა. აღნიშნულმა ცვლილებამ კი, სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთ ფუძემდებლური პრინციპის - ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შეჯიბრებითობის გათვალისწინებით, გარკვეული წინააღმდეგობებს წარმოშობის შესაძლებლობა გააჩინა.

უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის ტრადიციის მქონე ქვეყნებში (ინგლისი, უელსი, ჰოლანდია) უფასო იურიდიული დახმარების სისტემა იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება.  რიგ ქვეყნებში იგი სასამართლო ხელისუფლების ფარგლებშია მოქცეული. არსებობს ამ სისტემის უშუალოდ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსადმი - პარლამენტისადმი დაქვემდებარების მაგალითებიც (აშშ-ში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

კანონის თანახმად სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილი 2009 წლის 1 მარტამდე უნდა განისაზღვროს.

###

საკონტაქტო პირი:
გიორგი სელიმაშვილი
იურიდიული დახმარების სამსახურის PR მენეჯერი
ტელ: (995 32) 93 20 90
მობ: (995 99) 42 77 37
ელ-ფოსტა:
gselimashvili@legalaid.ge
ვებგვერდი: www.legalaid.ge

წაკითხულია: 7409