იურიდიული სერვისების კერძო და სახელმწიფო პროვაიდერები უფასო საადვოკატო მომსახურების სისტემას აყალიბებენ
ანონსი მედიისთვის
31 ოქტომბერი, 2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
იურიდიული სერვისების კერძო და სახელმწიფო პროვაიდერები უფასო საადვოკატო მომსახურების სისტემას აყალიბებენ
1 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi“, „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“ (სიფა) და სახელმწიფოს მიერ შექმნილი იურიდიული დახმარების სამსახური ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. დოკუმენტს ხელს ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ზვიად კორძაძე და მელიტონ ბენიძე, მოაწერენ. მემორანდუმის თანახმად, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე, რომლებზეც სახელმწიფო უფასო საადვოკატო მომსახურებას არ ახორციელებს, გადახდისუუნარო პირებს, უფასოდ, სიფა-ს წევრი საადვოკატო კომპანიები მოემსახურებიან. მხარეებს შორის თანამშრომლობა ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
შეთანხმების მიხედვით, ამოქმედდება რეფერალური მექანიზმი, რომლითაც სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სიფა-ს წევრ იურიდიულ კომპანიებში გადაამისამართებს. საადვოკატო ფირმები კი, პრო-ბონო საქმიანობის ფარგლებში, უფასოდ განახორციელებენ სასამართლოში წარმომადგენლობას და იურიდიული დოკუმენტების შედგენას. აღნიშნული სერვისების მიწოდება საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით მოხდება. მომსახურების მიღება თბილისში იქნება შესაძლებელი.
საქართველოს კანონმდებლობით, გადახდისუუნარო პირებისთვის უფასო საადვოკატო მომსახურების გაწევა მხოლოდ სახელმწიფოს ევალება. პრო-ბონო კი - წარმოადგენს საადვოკატო კომპანიების ნებაყოფლობით საქმიანობას, რომლითაც იურიდიული ფირმები თავიანთ სოციალურ პასუხისმგებლობას ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრო-ბონო საქმიანობას ორგანიზებული ფორმა ეძლევა.
„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“(სიფა) 2014 წლის 28 თებერვალს დაარსდა. მისი მიზანია იურიდიული ფირმების/საადვოკატო ბიუროების კორპორაციული უფლებებისა და ინტერესების დაცვა. ასოციაციაში გაერთიანებულია 20 საადვოკატო ბიურო და 200-მდე ასოცირებული წევრი-ადვოკატი.
იურიდიული დახმარების სამსახური არის 2007 წელს შექმნილი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სისხლის სამართლის საქმეებზე უფასო საადვოკატო მომსახურებას უწევს, სამართლის სხვა დარგებში კი - იურიდიულ კონსულტაციებს სთავაზობს. სამსახური თავისი სერვისების მიწოდებას საქართველოს 17 ქალაქში უზრუნველყოფს.
###
მისამართი: თბილისი, მ.კოსტავას ქ.№14 (შესასვლელი თ.ჭოველიძის ქუჩის მხრიდან)
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია:
თამარ გურგენიძე
ელ-ფოსტა: tamunagurgenidze1@yahoo.com
მობ.: (+995) 599 899 628 |
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური:
გიორგი სელიმაშვილი
ელ-ფოსტა: gselimashvili@legalaid.ge
მობ: (+995) 599 42 77 37
|