პრეს-რელიზი
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
კომპანია “იუ-ჯი-თი” ეხმაურება ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებს პირველკლასელთა ახალი კომპიუტერების ხარისხთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისას გამართულ მოლაპარაკებებზე შეთავაზებული კომპიუტერი არის მაღალი ხარისხის, აკმაყოფილებს მოთხოვნილ სპეციფიკაციებს და არ გააჩნია არავითარი წუნი, რაც დასტურდება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნითაც.
სამწუხაროა, რომ განმცხადებელს საზოგადოება შეყავს შეცდომაში. მცდარია ინფორმაცია, თითქოს მოლაპარაკების დროს წარვადგინეთ ტენდერის დროს დაწუნებული ნიმუშის იდენტური მახასიათებლების პროდუქტი. შერჩეული ტექნიკა არის პერსონალური კომპიუტერების წარმოებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის ACER-ის მიერ დამზადებული და მსგავსი ტექნიკა მწარმოებელს არაერთხელ მიუწოდებია როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებისთვის და დიდი მოწონებაც აქვს დამსახურებული. ჩვენ არ ვაპირებთ ჩრდილი მივაყენოთ კონკურენტის პროდუქტს, თუმცა აღსანიშნავია ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელის უპირატესობები, რაც პირველკლასელებს გაუადვილებს კომპიუტერის მოხმარებას:
პროდუქტი გამოირჩევა არამარტო მაღალი ხარისხითა და მაჩვენებლებით, არამედ დაბალი ფასითაც. ტენდერში კონკურენტის მიერ დაფიქსირებულ ფასთან შედარებით ჩვენმა საბოლოო შეთავაზებამ სახელმწიფოს 2 მილიონ 576 ათასი ლარი დაუზოგა. ჩვენი და ჩვენი პარტნიორი კომპანია Acer-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეთავაზებინა უპრეცედენტოდ დაბალი ფასები, მოთხოვნილ ტექნიკურ სპეციფიკაციაზე მაღალი პარამეტრები, უფასო საგარანტიო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით და დამატებით რამოდენიმე სკოლაში ტექნოლოგიური საკლასო ოთახის მოწყობა, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს მსოფლიო ლიდერის მიერ წარმოებული ტექნიკის მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ სატენდერო პროცედურები სრული სიმკაცრითა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ტენდერის პირველ ეტაპზე ჩვენი ფასი თითქმის ორი მილიონი ლარით ნაკლები იყო კონკურენტისაზე, სამწუხაროდ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაუშვებლად ჩათვალა თუნდაც უმნიშვნელო და ადვილად გამოსწორებადი ხარვეზის არსებობა.
კომპანია „იუ-ჯი-თიმ“ კანონიერი გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებით შესთავაზა შემსყიდველ ორგანიზაციას როგორც ქარხნულად წარმოებული უნაკლო მოდელი, ასევე დამატებითი მნიშვნელოვანი ფასდაკლება. შედეგად, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“ მიიღო გადაწყვეტილება, წარმოშობილი ახალი გარემოებების გამო, ჩვენთვის და ჩვენი კონკურენტისთვის დამატებით მიეცა კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება აბსოლუტურად თანაბარ პირობებში, განახლებული წინადადებებით, რაც ორივე კონკურენტმა გამოიყენა კიდეც. ჩვენი აზრით მოლაპარაკებების პროცეში სრულიად აშკარა იყო ჩვენი პროდუქტის უპირატესობა როგორც ხარისხით აგრეთვე ფასით.
ხელშეკრულების შესაბამისად, ჩვენი კომპანია ახალი სასწავლო წლის დასაწყისისათვის უზრუნველყოფს 46,000 პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერის მიწოდებას. როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი პარტნიორი Acer, სრულად ვაცნობიერებთ იმ მაღალ პასუხისმგებლობას, რასაც გვაკისრებს პირველკლასელთათვის ფაქტიურად მათი ტექნოლოგიებთან პირველი ურთიერთობის უზრუნველყოფა და ყველაფერს გავაკეთებთ რათა აღნიშნული პროექტი იყოს წარმატებული.