09/09/2009მედია ანონსი
9 სექტემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
2009 წლის 10-11 სექტემბერს თბილისში (აგრარული უნივერსიტეტი, დ.აღმაშნებლის ხეივანი მე13-ე კმ) გაიმართება მე-2 საერთაშორისო კონფერენცია - “ბიოწარმოების სექტორის განვითარება ცენტრალური/ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში”.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა”, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი (საქართველო), უკრაინის ორგანული ფედერაცია (უკრაინა) და Organic Services GmbH (გერმანია).
კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართვლოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ორგანული სოფლის მეურნეობის მოძრაობის საერთაშორისო ფედერაცია (IFOAM), ასევე ფონდი ავალონი და ოქსფამ ნოვიბი (ნიდერლანდი), მსოფლიო ბანკი, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტო (გერმანია), შვეიცარიის განვითარების სააგენტო და EPER/HEKS -ი (შვეიცარია), EED და მიზერეორი (გერმანია) და სხვ.
მე-2 საერთაშორისო კონფერენცია 2008 წლის აპრილში უკრაინაში, ქ. კიევში გამართული 1-ლი წარმატებული საერთაშორისო კონფერენციის გაგრძელებაა.
კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს რეგიონში ბიოწარმოების სფეროში დაგროვილი გამოცდილება, ახალი ინიციატივები და საუკეთესო პრაქტიკა, ერთმანეთს შეახვედროს მეწარმეები და მეცნიერები და ამ გზით ხელი შეუწყოს ბიოსექტორის განვითარებას. კონფერენციის პროგრამა მოიცავს მოხსენებებს სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკისა და პოლიტიკის, ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების განვითარების ტენდენციებისა და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესახებ.
კონფერენციის შემდეგ მონაწილეთათვის მოეწყობა ექსკურსია და ღვინის ტური კახეთში. კონფერენციის მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ბიოწარმოებისა და ბიომრავალფეროვნების ფორუმში, რომელსაც 12-13 სექტემბერს მართავს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბათუმში.
ამჟამად კონფერენციაზე უკვე რეგისტრირებულია 180 მონაწილე (მათ შორის 48 მომხსენებელი) 23 ქვეყნიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მოგეხსენებათ, რომ ბიობაზარი მსიფლიოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია, განსაკუთრებით ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს, როგორც მდიდარი სასოფლო-სამეურნეო ტრადიციების მქონე ქვეყანას, დიდი პოტენცია აქვს განავითაროს ბიოწარმოება და თავისი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ბაზრებზე.
ამ სახის ღონისძიება პირველად ტარდება კავკასიის რეგიონში და ამდენად მე-2 საერთაშორისო კონფერენცია საუკეთესო საშუალებაა წარმოაჩინოს საქართველო, როგორც ლიდერი ქვეყანა ბიოწარმოების კუთხით.
ვფიქრობთ, რომ კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მდიდარი აგრარული ტრადიციების მქონე ქვეყნის პოპულარიზაციას და ბიძგს მისცემს ბიოწარმოების განვითარებას, ასევე წვლილს შეიტანს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაში.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი: www.organicconference.elkana.org.ge