ლაშა კერესელიძე ისტორიის და სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელია, ის მეხუთე წელია რაც თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში ასწავლის. მისი გაკვეთილები მრავალფეროვანი აქტივობებით და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებით ხასიათდება. ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ ლაშა მასწავლებელი და მის გაკვეთილზე მოსწავლეთა აქტიურობაც ყოველთვის მაღალია.
პედაგოგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარებას მოსწავლეებში. ამიტომ, როდესაც 71-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, ბატონმა პაატა ჩორგოლაშვილმა საქართველოს განათლების და დებატების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების შესახებ აუწყა, იგი დიდი მოწადინებით ჩაერთო შესარჩევ კონკურსში და შემდგომ წარმატებულად გახდა აღნიშნული პროექტის წევრი.
როგორც თავად ამბობს დებატების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ტრენინგმა დიდი ინტერესი აღუძრა დებატების ხელოვნების მიმართ და გადაწყვიტა, მიღებული ცოდნა თავისი მოსწავლეებისათვის გაეზიარებინა.
ტრენინგების გავლიდან რამდენიმე კვირაში, 2020 წლის გაზაფხულზე, ფუნქციონირება დაიწყო 71-ე საჯარო სკოლის დებატების კლუბმა. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ აღნიშნულ პროექტში, ისინი ეუფლებიან დებატების ხელოვნებას, რადგან მიაჩნიათ, რომ 21-ე საუკუნეში წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია სიტყვით გამოსვლის, არგუმენტირებული მსჯელობის, დროის მართვის, ოპონენტის პატივისცემის და კიდევ სხვა არაერთი უნარი, რომელთა დახვეწაშიც მათ დებატების კლუბი ეხმარებათ. კლუბის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწიეს ეროვნულ ტურნირზე. მთავარი გამოწვევა კი მათთვის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და გამარჯვება, რასაც აუცილებლად მიაღწევენ საყვარელ პედაგოგთან ერთად. ამით კი საკუთარ სკოლასაც მოუტანენ წარმატებას და ქვეყანასაც.