09/05/2009

მედია ანონსი
4 მაისი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
2009 წლის 10 მაისი, 11:00 საათი - თბილისში, კუს ტბაზე, ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი "ჰერა", ეროვნული სკრინინგ ცენტრი, საერთაშორისო ორგანიზაციები: სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი და ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი საქართველოში უკვე მეოთხედ გამართავენ საერთაშორისო აქციას - "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად", რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ქალთა ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.აქციის მიზანია საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს კიბოს პრობლემისა და მისი ნაადრევი გამოვლენის მეთოდების შესახებ. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მონაწილეა საქართველოს პირველი ლედი - სანდრა რულოვსი.
აქციის დღის წესრიგის თანახმად, მარათონში მორბენალთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე კუს ტბის მიმდებარე ტრიტორიაზე განთავსებულ სპეციალურ სარეგისტრაციო-საინფორმაციო მაგიდებთან. რეგისტრაციის შემდგომ მორბენლები სტარტს აიღებენ და კუს ტბის გარშემო სარბენ ბილიკზე 3 წრეს დაარტყამენ. სარბენი დისტანცია 5 კილომეტრს შეადგენს.
12.00 საათზე დაიწყება აქციაში მონაწილეთა რეგისტრაცია სპეციალურ სარეგისტრაციო-საინფორმაციო მაგიდებთან, სადაც მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ სამახსოვრო მაისურები.
13:00 საათზე გაიმართება მონაწილეთა საერთო მსვლელობა კუს ტბის გარშემო.
14:00 საათზე გაიმართება აქციის მხარდამჭერი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი STRING და გორის ქალთა კამერული გუნდი. სიტყვით გამოვლენ აქციის ორგანიზატორები, სპონსორები და მოწვეული სტუმრები, მარათონულ სირბილში გამარჯვებულებს საზეიმოდ გადაეცემათ გარდამავალი თასი და საპრიზო თანხა. კონცერტის მსვლელობისას სპეციალურ საგანმანათლებლო დახლებთან დარიგდება საინფორმაციო მასალები - ბუკლეტები, ბროშურები, ლიფლეტები ძუძუს ჯანმრთელობისა და თვით-გასინჯვის მეთოდებისა და მამოგრაფიის შესახებ. აქციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ღონისძიების სპონსორებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების საექსპოზიციო სტენდები და პროდუქცია.
აქციის ფარგლებში, 8 მაისს 19.00 სთ-ზე პროექტის პარტნიორი ნინო ანანიაშვილი მარათონის მხარდასაჭერად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართავს საქველმოქმედო სპექტაკლს. აღნიშნული ღონისძიების შესახებ პრესკონფერეცია ჩატარდება 7 მაისს 12:15 საათზე ამავე თეატრის ცისფერ დარბაზში (დეტალური ინფორმაცია იხ.: http://publicity.ge/index.php?m=2&newsid=248 ).
მსგავსი აქციები დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკის შეერთებული შტატებსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში. სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდის დამფუძნებელმა, ნენსი ბრინკერმა 1983 წელს პირველად მსოფლიოში მოაწყო აქცია Race for the Cure, რომლის ქართული ანალოგიაა "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად". აღნიშნულმა აქციამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ამერიკის მოსახლეობაში და ქვეყანაში ტრადიციად იქცა.
საქართველოში მარათონი პირველად ჩატარდა 2005 წელს, ქუთაისში და მას შემდეგ ყოველწლიურად მისი ჩატარება ტრადიციად იქცა. აღნიშნულ აქციებში მონაწილეობა მიღებული აქვს 300-ზე მეტ ორგანიზაციასა და დაწესებულებას. ხოლო მთლიანობაში, მოცულ იქნა 4000-ზე მეტი ყველა ასაკის და სქესის მოსახლეობა. ღონისძიებები აქტიურად გაშუქდა მასმედიის მიერ როგორც ადგილობრივი, ისე ეროვნული ტელევიზიების საშუალებით. აქციას ბევრი ავტორიტეტული პირი დაესწრო, მათ შორის საქართველოს პირველი ლედი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მეუღლით, საქართველოს პარლამენტის წევრები, იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი და სხვა.
ყოველმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ძუძუს კიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი, რადგან მისი ნაადრევი გამოვლენა სიცოცხლის შენარჩუნებისა და გახანგრძლივების საწინდარია. ერთად ვიზრუნოთ სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაზე!
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.raceforthecure.ge
###
სპონსორები:

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიკა დავითულიანი
დირექტორი, ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი "ჰერა"
ტელ : + 995 99 257 172
ელ-ფოსტა: mdavituliani@yahoo.com
ვებ-გვერდი www.raceforthecure.ge; www.jsi.ge
თამარ ჯიბუტი
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი, ფაბლისითი ჯგუფი
ტელ: +995 77 465 590
ელ-ფოსტა: tako@publicity.ge