2 ოქტომბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ჩიტაშვილი,
593 260609;
maiko@publicity.ge
ძუძუს კიბოს პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა
3 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 15.00-ზე სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართება სემინარი ჟურნალისტებისთვის თემაზე ძუძუს კიბოს პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა.
სემინარის მიზანია ძუძუს კიბოს შესახებ ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლება. მედიის წარმომადგენლებს მიეწოდებათ ინფორმაცია ძუძუს კიბოს შესახებ, ავადობისა და სიკვდილოანობის სტატისტიკა საქართველოში, პრევენციული მეთოდები და ღონისძიებები, ძუძუს კიბოსთან ასოცირებული სტიგმა. სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჟურნალისტების მიერ ძუძუს კიბოსთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად გაშუქებას, ისე რომ არ მოხდეს სტიგმის გაძლიერება. ღონისძიებაზე ასევე მოწვეულნი იქნებიან გამარჯვებულ ქალთა კლუბის წევრები და გამარჯვებული ქალები თავად მოყვებიან საკუთარ ისტორიებს. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ პირადად გაესაუბრონ ქალბატონებს, რომლებმაც დაამარცხეს ეს დაავადება.
სემინარი ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ჰერას, დიზაინერ ანუკი არეშიძისა და ხელოვნების სახლის მიერ და ტარდება ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანიის ფარგლებში. კამპანია დაგეგმილია ოქტომბრის თვეში, რომელიც გამოცხადებულია ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვედ მსოფლიოში.
კამპანია ტარდება ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით. ძუძუს კიბო წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ კიბოს და რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს საქართველოში. 2011 წლის დასარულს საქართველოში ამ დაავადებით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 7 211 ქალბატონი. ამავე წელს დარეგისტრირდა ძუძუს კიბოს 1 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა.
საქართველოში კამპანიის მხარდამჭერები არიან აშშ-ს საერთაშორისო
განვითარების სააგენტო (USAID), სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი
(აშშ), ჯეი-ეს-აის კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი, საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო,
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, თბილისის მერია, საქართველოს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, თენგიზ სუხიშვილის საქველმოქმედო ფონდი, სხვადასხვა
ქვეყნის საელჩოები, ბანკები, კერძო კომპანიები, ადგილობრივი და საერთაშორისო
არასამთავრობო ორგანიზაციები.
მედია პარტნიორი ფაბლისითი ჯგუფი