თიკა ბუცხრიკიძე საოცნებო უმაღლეს სასწავლებელში - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის პროფესიას ეუფლება. იგი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სტუდენტია. პროგრამაზე სწავლის ფარგლებში კი სხვა წარმატებებთან ერთად მან გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიაც მოიპოვა.
მასწავლებლობა თიკას ბავშვობის ოცნება სულაც არ ყოფილა. ეს სურვილი მას უფრო მაღალ კლასებში ჩამოუყალიბდა. მას შემდეგ, რაც უფრო ინტენსიურად დაიწყო ფიქრი საკუთარ მომავალ კარიერაზე და გააცნობიერა, რომ ისეთი სფერო უნდა აერჩია, სადაც თავს კარგად და კომფორტულად იგრძნობდა. აღნიშნულ არჩევანში თიკა დედისა და ბებიის როლზეც მიუთითებს:
,,ჩემს ამჟამინდელ პროფესიულ არჩევანში დიდი როლი მიუძღვის დედას და ბებიას, რომელიც დაწყებითი კლასის მასწავლებელი იყო, ის მეუბნებოდა: „გიყვარდეს ბავშვები, თუ გინდა, რომ მათაც უყვარდე, ასწავლო და ისწავლონ შენგან“.
მთავარი ფაქტორი კი, რამაც გოგონას მასწავლებლობა გადააწყვეტინა, ბავშვების სიყვარული და მათთან ხშირი ურთიერთობის სურვილი აღმოჩნდა: ,,ვფიქრობ, იმისთვის რომ იყო კარგი მასწავლებელი აუცილებელია გიყვარდეს ბავშვები და სიამოვნებას განიჭებდეს მათთან კომუნიკაცია. მას შემდეგ, რაც გავეცანი დაწყებითი განათლების ინტეგრირებულ პროგრამას და მის პრიორიტეტებს, გავიაზრე მისი პრაქტიკული გამოყენება ცხოვრებაში, ეს სურვილი კიდევ უფრო გამიღრმავდა, რამაც შემდგომში გადამაწყვეტინა, ამერჩია ეს პროფესია“.
თიკა სამცხე-ჯავახეთიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მას სახლიდან საკმაოდ შორს მოუწევდა გადასვლა, ამ არჩევანს საერთოდ არ ნანობს, რადგან უნივერსიტეტმა იმედები ნამდვილად გაუმართლა: ,,აქ დამხვდნენ პროფესიონალიზმით და საკუთარი საქმის სიყვარულით სავსე პროფესორ-მასწავლებლები, რომლებსაც დიდი როლი მიუძღვით ჩემს მომდევნო წარმატებაში. ვფიქრობ, სწორ ადგილას მოვხვდი და ამ გარემოთი ძალიან კმაყოფილი ვარ“.
20 წლის სტიპენდიანტმა გოგონამ უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია. ასპინძის რაიონის სოფ. ოშორის საჯარო სკოლაში სწავლისას სასკოლო საგანმანათლებლო აქტივობებში მიღწეულ წარმატებათა შორის განსაკუთრებით გამოარჩევს კონკურსს, რომლის ფარგლებშიც მან ,,საუკეთესო კალიგრაფის“ ჯილდო მოიპოვა:
,,შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილ რეგიონალურ კონკურსში „საუკეთესო კალიგრაფია“ პირველი ადგილი დავიკავე, ამის შემდგომ მქონდა შემოთავაზება „ვეფხისტყაოსანი“ ხელით გადამეწერა. ჩემი აზრით, წერის კულტურაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მასწავლებლის პროფესიაში“.
მომავალი მასწავლებელი თავისუფალ დროსაც თვითგანვითარებას უთმობს. მას ძალიან უყვარს სხვადასხვა საგანმანათლებლო ხასიათის ონლაინ ვებინარებსა და ტრენინგებზე დასწრება. განსაკუთრებით კი გამოარჩევს ისეთ შეხვედრებს, რომლებიც მას პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება, რადგანაც აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროფესიაში მუდმივად განვითარება:
,,ჩემი არჩევანი, ვფიქრობ, პირდაპირ გულისხმობს მუდმივ განვითარებას, სიახლეების მიღების სურვილს, მოტივაციისა და სტიმულის ქონას და რაც მთავარია, სვლას წარმატებისკენ. ამ გზაზე კი გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდია კიდევ ერთი მოტივატორი აღმოჩნდა ჩემთვის. მსგავსი წამახალისებელი სტიპენდიები სწორედ იმას მოწმობენ, თუ რაოდენ დაფასებულია დღეს მასწავლებლის პროფესია. ამისთვის კი დიდ მადლობას ვუხდი ფონდის თითოეულ წარმომადგენელს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს”.
მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდის ინიციატივითა და 6 პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელთან პარტნიორობით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა ყოველ სემესტრში სტიპენდიას გამოყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 60 სტუდენტისათვის, რომლებმაც მასწავლებლის პროფესია აირჩიეს.