ხატიას მარკეტინგის და პიარის მიმართულებით 14-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ სფეროსადმი მისი ინტერესი ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან იწყება, როდესაც მე-7 კლასში იგი სკოლა ,,ბალავარში“ მარკეტინგის საფუძვლების შესწავლას იწყებს.
არაერთი კომპანიის მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტში ძირითადად სოციალური მედია სტრატეგიების მომზადებამ და მართვამ ხატიას სოციალური მედიის კუთხით დიდი გამოცდილება და ცოდნა შესძინა. ანალიტიკური აზროვნების კარგი უნარი, მოწესრიგებულობა, მუდამ ხალისიანი განწყობა და შრომისმოყვარეობა კი ყოველთვის მის მიერ შესრულებული სამუშაოს მაღალ ხარისხს განაპირობებს.
როგორც თავად აღნიშნავს, ეს ის სფეროა, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს და ,,ფაბლისითი ჯგუფის“ მეგობრულ გუნდთან ერთად მუშაობა კი მის ყოველდღიურ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და ხალისიანს ხდის:
,,როდესაც ,,ფაბლისითი ჯგუფს“ შემოვუერთდი, კომპანიაში ჩემი 7-წლიანი სამუშაო გამოცდილების გაზიარება და დანერგვა დავიწყე. ძალიან მარტივად შევეწყე გუნდს და მუშაობასთან ერთად დავიწყე პიარ ტექნოლოგიების უკეთ შესწავლა. ერთი წლის თავზე ჩემი საქმიანობის სფერო დავაკონკრეტე და გადავერთე ყველაზე სწრაფად განვითარებად და საჭირო პოზიციაზე - გავხდი გუნდის სოციალური მედიის ექსპერტი.
,,ფაბლისითი ჯგუფში“ ჩემი მუშაობა ყველაზე ხანგძლივი გამოდგა და ამას რამდენიმე ფაქტორს ვუკავშირებ: მრავალფეროვანი სამუშაო, საუკეთესო გუნდი და მუდმივი სიახლეები. კომპანიაში მუდმივად მიწევს ახალ-ახალ დამკვეთებთან ურთიერთობა, ყველას განსხვავებული სურვილები და მიზნები აქვთ. სფერო ნამდვილად ამოუწურავია და ეს ძალიან მახარებს“ - გვიყვება ხატია.