ნათია ოსოშვილი, ერთ-ერთი წარმატებული პედაგოგი და სოფელ მელაანის დებატკლუბის ხელმძღვანელია. რამდენიმე წლის წინ, მისთვის კიდევ ერთი საინტერესო და წინ გადადგმული ნაბიჯი დაიწყო სკოლაში, როდესაც საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ დებატების კლუბს ჩაეყარა საფუძველი და მისი ხელმძღვანელობაც ითავა.
ნიჭიერი პედაგოგი უკვე 11 წელია მოსწავლეებს ცოდნას უზიარებს და საკუთარი წვლილი შეაქვს თავისუფლად მოაზროვნე, განათლებული და წარმატებული მომავალი თაობის აღზრდაში. იგი მელაანიდან მოშორებით ცხოვრობს და წლების განმავლობაში, ყოველ დილით 50 კილომეტრს გადის, რომ სკოლაში ჩავიდეს, მოსწავლეებთან იმუშაოს და მათთან ერთად გაიაროს ყველა გამოწვევა.
„მახსოვს, შემოდგომის სუსხიანი დღე იყო. სკოლის დერეფანში შესულს, სკოლის დირექტორი შემომეგება და ახალი პროექტის შესახებ მესაუბრა, სიმართლე, რომ გითხრათ, არც დავფიქრებულვარ, თანხმობა ვუთხარი, რადგან მიყვარს სიახლეები და საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ. გასაუბრების შემდეგ დამირეკეს და კლუბის ხელმძღვანელად ამირჩიეს. საინტერესო ტრენინგების შემდეგ სკოლაში შევქმენით დებატების კლუბი და შევუდექით მუშაობას. მოსწავლეების ანთებული თვალები, ინტერესი და მოტივაცია მაძლევდა სტიმულს, რომ უფრო უკეთესი გამხდარიყო ჩვენი კლუბი."
მისმა მოსწავლეებმა დებატების ტურნირებზე მრავალი წარმატება მოიპოვეს. ამბობს, რომ პროფესიონალი, საკუთარი საქმის უბადლო მცოდნე, შესაშური ენერგიითა და ხალისით სავსე მთელი გუნდი, გვერდით უდგას და მომავალ თაობას, თავისუფლად აზრის გამოხატვის, აუდიტორიასთან გამოსვლის, ორატორული უნარების, გუნდური მუშაობა, თანამშრომლობის, არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების საშუალებას აძლევს. პედაგოგი მიიჩნევს, რომ ამ უნარებით აღზრდილი მოსწავლეები მრავალ წარმატებულ საქმეს გააკეთებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ და ყოველთვის ექნება იმის განცდა, რომ მათ წარმატებაში მისეული, მცირედი წვლილი შეიტანა სწორედ დებატების სწავლებით.
„დებატების კლუბმა, ჩემი მოსწავლეების მრავალი წარმატების გარდა, მომიტანა თავდაჯერებულობა, აღიარება, შევხვდი ჩემთვის უცხო მასწავლებლებს და დღეს, მათთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ჩვენი ყოველი შეხვედრა ემოციების გარეშე არ არსებობს. და რაც მთავარია, გავიცანი ქალბატონი თინათინი და ქალბატონი სოფო, მათ გარეშე, ახალი სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში წარმოუდგენელია.
წლებს ითვლის საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ კი მოსწავლეების მიერ მიღწეულ წარმატებებს სიამაყითა და სიხარულით ვითვლით.
და ბოლოს, მიხარია, რომ იმ შემოდგომის სუსხიან დღეს, დერეფანში, ჩვენი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნანი მთავრიშვილს, ახალ პროექტში ჩართვაზე დავთანხმდი " - ამბობს ნათია მასწავლებელი.