ნათია გურჯიშვილი 22 წლისაა მესხეთიდან. იგი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მორიგი სტიპენდიანტია. ნათია სხვადასხვა სტუდენტურ პროექტებსა თუ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს და ცდილობს, თავის პროფესიაში დიდი ცოდნა და გამოცდილება შეიძინოს.
სტიპენდიანტმა პატარა ასაკიდანვე ზუსტად იცოდა, რომ მასწავლებლობა ეს ის პროფესია იყო, რისი კეთებაც ნამდვილად სურდა. როგორც მომავალ მასწავლებელს, მას სამომავლოდ დიდი მიზნები აქვს და სჯერა, რომ მისი თაობა ამ მიმართულებით მნიშვმელოვან ცლილებებს განახორციელებს:
,,მე-2 კლასში ვიყავი, როდესაც მასწავლებელმა გვთხოვა ფურცლებზე დაგვეწერა, თუ რა გვსურდა გავმხდარიყავით, როცა გავიზრდებოდით. თუკი დამიჯერებთ, გეტყვით, რომ მაშინ ეს სიტყვები დავწერე: ,,მე მინდა გავხდე პატარების მასწავლებელი". მასწავლებლობაზე ბავშვობიდანვე ვოცნებობდი და ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც არც არასოდეს ვინანებ. მინდა, რომ გავხდე ღირსეული პედაგოგი ჩემი შვილებისა (მოსწავლეების) და ქვეყნისათვის. მჯერა, მე და ჩემი თაობა შევქმნით სრულიად ახალ, ძალიან ნიჭიერ და გონიერ ახალგაზრდობას, რომელიც ყველას ნათელ მომავალს მოუტანს".
გოგონას მთავარი ინსპირაციის წყარო, რამაც მასწავლებლობის სურვილი კიდევ უფრო განუმტკიცა, მისი ბიოლოგიის მასწავლებელი აღმოჩნდა, რომელმაც მას დაანახა, თუ რას ნიშნავს, იყო კარგი მასწავლებელი:
,,ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი ღირსეული პედაგოგის ეტალონია ჩემთვის. მეც მინდა ჩემი მოსწავლეები ღირსეულ პიროვნებებად აღვზარდო და თანამედროვე მეთოდებით მივცე განათლება. მინდა, რაც მე დამაკლდა, ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო და მათი მოსწავლეობის ხანა მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო".
ნათია 20 წლისას დაქორწინდა. ამჟამად 1 წლის გოგონა ჰყავს, თუმცა დედობას და სწავლას ერთმანეთს კარგად უთავსებს და ცდილობს, ორივე მათგანს საკმარისი დრო დაუთმოს:
,,ადრეულ ასაკში გავთხოვდი, შესაბამისად მყავს 1 წლის ქალიშვილი, რომელიც მთლიანად იკავებს ჩემს თავისუფალ დროს. ერთად ვიზრდებით, ვსწავლობთ ბევრ რამეს და მადლობელი ვართ ღმერთის ყოველდღიურად და ყველაფრისთვის".
გუდავაძე-პატარკაციშვილის სტიპენდიამ გოგონას საშუალება მისცა, კიდევ უფრო მეტი შემართებით იბრძოლოს სასურველი მიზნების მისაღწევად და მეტად განვითარდეს:
,,სტიპენდიის დანიშვნა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და ემოციური იყო. პირველ რიგში, გავიზარდე როგორც პიროვნება, ვინაიდან დავისახე უამრავი მიზანი ჩემი კარიერული ზრდისთვის. ვფიქრობ, რომ მთავარია ყოველდღიურად განვვითარდეთ როგორც პიროვნულად, ასევე, კარიერულად, სტიპენდიამ კი წარმატებული მომავლის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადამადგმევინა".
მომავალი მასწავლებლების სტუდენტური სტიპენდიების პროგრამა გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდის ინიციატივითა და 6 პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელთან პარტნიორობით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა ყოველ სემესტრში სტიპენდიას გამოყოფს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 60 სტუდენტისათვის, რომლებმაც მასწავლებლის პროფესია აირჩიეს.