ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრო ბონო მარათონი 2017
25/10/2017
ვინ?: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და საქართველოს ბანკი.
რა?: უმასპინძლებენ პრო ბონო მარათონს.
სად?: თბილისი, გაგარინის ქ. N29ა .
როდის?: 27 ოქტომბერი, 10:00-18:00 სთ.
რატომ?: წლევანდელი მარათონის ფარგლებში საქართველოს ბანკის 15 თანამშრომელი, მთელი დღის განმავლობაში, უსასყიდლოდ, ანუ პრო ბონოდ, გაუწევს კონსულტაციას 7 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რის შედეგადაც ამ ორგანიზაციათა წინაშე არსებული 40-მდე პრობლება გადაიჭრება. კონსულტაცია შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: სამართლებრივი საკითხები, ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი, სოციალური მედიის მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სხვა. აღნიშნული ღონისძიება გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში გაიმართება. საქართველოში, უკვე მეორე წელია, CSRDG პრო ბონო მარათონის ორგანიზატორია.
რა არის პრო ბონო? ტერმინი „პრო ბონო“ გულისხმობს, მოხალისეობრივ საწყისებზე, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ან მოქალაქეებისათვის პროფესიული მომსახურების გაწევას. ერთდღიანი, ექსკლუზიური ღონისძიების ფარგლებში, პრო ბონო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების პროფესიონალთა გუნდი, სამოქალაქო ორგანიზაციების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობენ.
პრო ბონო მარათონის ბენეფიციარი საზოგადოებრივი ორგანიზაციები საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. ეს ორგანიზაციებია: „გურიის აგრობიზნესჯგუფი“ (GABC), “ნაბიჯი მომავლისკენ”, „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია“ (საგა), ასოციაცია „ათინათი“, ასოციაცია „ანიკა“, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA).
გლობალური პრო ბონო კვირეული აღინიშნება ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. 2016 წლიდან ამ ქვეყნების რიცხვს საქართველოც შეურთდა. წელს, ისევე როგორც შარშან, გლობალური პრო ბონო კვირეულის მასპინძელი იქნება CSRDG, რომლის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიების ჩატარება საქართველოს პრო ბონო ქსელთან თანამშრომლობით.
მოცემული ღონისძიება გაიმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (2017 -2020) ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციები გაძლიერებას, მათი ანგარიშვალდებულების გაზრდას მოქალაქეების მიმართ და სხვა აქტორებთან კავშირების განმტკიცებას. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.
პროექტის ფარგლებში 45 თვის განმავლობაში განხორციელდება 110-ზე მეტი აქტივობა, გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

###
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ქ-ნ ნათია მეტრეველს, CSRDG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს: (+995) 599 911 577; ელ. ფოსტა: natia@csrdg.ge
წაკითხულია: 4469