21/12/2007
ა ნ ო ნ ს ი მ ე დ ი ი ს თ ვ ი ს
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
გაერო-ს განვითარების პროგრამა და საქართველოს პარლამენტი საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციებს დააჯილდოვებენ
თბილისი, 24 დეკემბერი, 2007 წელი, 19:00 საათი – საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის პრეზიდენტის ფოიე, A კორპუსი, უმასპინძლებს საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ბიზნეს კომპანიების, სამთავრობო სტრუქტურების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების დააჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიალს.
ღონისძიება საქარველოში უკვე მეორედ ტარდება, რომლის მიზანია, საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე კომპანიების, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამოვლენა და მათი სტიმულირება - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებში. საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციების გამოსავლენად, 2007 წლის შემოდგომაზე სამივე სექტორში განხორციელდა კვლევა სპეციალური ჯგუფის მიერ.
ღონისძიებას გახსნის საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული საკითხების საკონსულტაციო საბჭოს კოორდინატორი ქალბატონი ლალი ფაფიაშვილი, რომელიც ისაუბრებს საუკეთესო გენდერული ბალანსის მქონე ორგანიზაციების დაჯილდოვების ღონისძიების ყოველწლიურად ჩატარების მნიშვნელობაზე, რომლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ქ-ნ ნინო ბურჯანაძე დააჯილდოვებს კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულებს.
ღონისძიებას გაერო-ს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კონკურსი არის “გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში” პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც ხორციელდება გაერო-ს განვითარების პროგრამისა და საქართველოს პარლამენტის მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი, მიზნად ისახავს გენდერული პოლიტიკის განვითარებას, ქალთა შესაძლებლობების ზრდას გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე და მათ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში, ასევე, პოლიტიკურ სტრუქტურებში გენდერულ საკითხებზე დიალოგის წარმართვას და გენდერულ საკითხებზე რეგიონალურ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაზიარებასა და სტრატეგიის ჩამოყალიბებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ბერდია ნაცვლიშვილს, გაეროს განვითარების პროგრამის „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“ პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტს.
893 333282 / 923662 / berdia.natsvlishvili@undp.org.ge
###