ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველო პირველ საერთაშორისო კონფერენციას და სოციალური ინოვაციების პირველ კავკასიურ ბანაკს მასპინძლობს
07/04/2010

 

მედია ანონსი

7 აპრილი, 2010
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საქართველო  პირველ  საერთაშორისო კონფერენციას და სოციალური ინოვაციების პირველ კავკასიურ ბანაკს მასპინძლობს

9 აპრილს, დილის 10:00 საათზე, თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" (კუს ტბის გზა, მარჯვენა მხარეს) ოფიციალურად გაიხსნება პირველი საერთაშორისო კონფერენცია "სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის" და პირველი კავკასიური "სოციალური ინოვაციების ბანაკი".

ორი დღის მანძილზე, 9 და 10 აპრილს, აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და ევროპიდან წამყვანი ინოვაციური ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები, ვებ დეველოპერები, უნივერსიტეტების პროფესორები, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოში გამართულ კონფერენციაზე, ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სოციალური მედია, როგორც სოციალური ცვლილებების კატალიზატორი; სამოქალაქო ჟურნალისტიკა; ტრადიციული და არატრადიციული მედიის როლი გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში; ბლოგინგი და სხვა.

პარალელურად კონფერენციისა, იმავე შენობაში, 9 აპრილს კავკასიური "სოციალური ინოვაციის ბანაკი" გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ვებ დეველოპერები, გამოცდილი ჟურნალისტები,  მარკეტინგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან. 

სოციალური ინოვაციების ბანაკი  პირველად 2007 წელს ლონდონში შედგა. მეორედ 2009 წლის სექტემბერში ბრატისლავაში  ჩატარდა. საქართველოში გამართულ ბანაკს დიდი ბრიტანეთიდან ამ იდეის ავტორი, ახალი მედიის სპეციალისტი დენ მაქქუილანი და ახალი მედიის 6 ევროპელი ექსპერტი ეწვევა.

ბანაკის მონაწილეები კარგად იცნობენ ქვეყნის სოციალურ საჭიროებებს და ამავე დროს გააჩნიათ ისეთი ონლაინ იდეები, რომლითაც არსებული სოციალური პრობლემების მოგვარებაა შესაძლებელი. "სოციალური ინოვაციების ბანაკში" ყოფნის 48 საათის მანძილზე მის მონაწილეებს ამ ონლაინ იდეების რეალურ ვებ პროექტებად გარდაქმნის შესაძლებლობა მიეცემათ. იდეის გამარჯვების შემთხვევაში კი პროექტის ავტორები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან, რაც ბანაკის დასრულების შემდეგ პროექტის რეალურად განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. ეს კი სოციალური ცვლილებებისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ამერიკული ორგანიზაცია PH International, რომელიც  კურირებს კონფერენციას "სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის" და ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", რომელიც კურირებს "სოციალური ინოვაციების ბანაკს".

თანდართული ფაილების სახით იხილეთ კონფერენციის დღის წესრიგი და დეტალური ინფორმაცია სოციალური ინოვაციების ბანაკის შესახებ.

###

სოც.ინოვაციების ბანაკის შესახებ

კონფერენციის განრიგი

 

კონფერენციის საკონტაქტო პირი: 
თაკო ჯიბუტი
მობ: (877) 46 55 90
ელ-ფოსტა:tako@publicity.ge

სოც.ინოვაციების ბანაკის საკონტაქტო პირი: 
ანა ტოკლიკიშვილი
მობ: (895) 221999
ელ-ფოსტა: anuka@osgf.ge

წაკითხულია: 3059