18/08/2008
ანონსი მედიისთვის
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაცია მსოფლიოს მაუწყებლებს მიმართავს!
ძვირფასო კოლეგებო!
უკვე ერთი კვირაა, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა დაუფარავ აგრესიას ახორციელებს საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს წინააღმდეგ. რუსეთის ავიაციამ დაბომბა საქართველოს ქალაქები და სოფლები, დაიღუპა უამრავი ადამიანი. საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, მარტო გორის რაიონში დაბომბვებს 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა და, სამწუხაროდ, ეს ჯერ არ არის საბოლოო ციფრი. ლტოლვილად იქცა 70-ათასამდე საქართველოს მოქალაქე. რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც, მათ შორის საერთაშორისო სატრანზიტო ობიექტებზე (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე და ფოთის პორტზე).
რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა გაძარცვეს ზუგდიდის რადიო "ათინათი" (დასავლეთ საქართველო) და სენაკის ტელეკომპანია "ეგრისი"(დასავლეთ საქართველო), საიდანაც წაიღეს ვიდეოკამერები და კომპიუტერული მოწყობილობა. ამ ვანდალიზმის გამო, "ათინათი“ და "ეგრისი" აღარ მაუწყებლობენ. რუსულმა ავიაციამ 12 აგვისტოს განახორციელა ქალაქ გორის მორიგი დაბომბვა, დაიღუპნენ ადამიანები, განადგურდა ტელეანძა, ამის გამო ვეღარ მაუწყებლობს გორის ტელეკომპანია "თრიალეთი".
ქართველ სპეციალისტებს და უცხოელ დამკვირვებლებს აქვთ სერიოზული ეჭვი რომ რუსულმა ავიაციამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა აკრძალული კასეტური ბომბები.
როგორც ქართველმა მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა დაადასტურა, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა "ყველანაირი ტიპის იარაღი, გარდა ატომური ბომბისა".
რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის მიუხედავად, რუსი ოკუპანტები განაგრძობენ მოსახლეობის ძარცვას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას.
რუსეთის ფედერაციის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ქვედანაყოფებმა 16 აგვისტოს დაიწყეს ცხინვალის რეგიონიდან გორის მიმართულებით ეთნიკური ქართული მოსახლეობის გამოყვანა, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველების ეთნოწმენდად აფასებს. დღესვე, რუსეთის საოკუპაციო ჯარების ნაწილებმა ააფეთქეს სარკინიგზო ხიდი კასპის რაიონში, მეტეხი-გრაკალის გადასარბენზე (თბილისიდან 40 კილომეტრში). ამ დივერსიულ-ტერორისტული აქტის შედეგად შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის, კავშირი საქართველოს საზღვაო პორტებთან. ამავე გზით ხდებოდა ლტოლვილების გადმოყვანა რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უსაფრთხო ადგილებში.
რუსეთის საოკუპაციო ჯარები უარს ამბობენ ჟურნალისტების შეშვებაზე გორში, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.
ძვირფასო კოლეგებო!
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, რომელშიც საქართველოს 26 რეგიონული ტელეკომპანიაა გაერთიანებული, მოგიწოდებთ ხმა აღიმაღლოთ იმ ბარბაროსობის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებს. რუსეთს სურს საქართველოს განადგურება, რადგან ჩვენმა პატარა ქვეყანამ დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის თავისუფალი არჩევანი გააკეთა, დაადგა ეკონომიკური განვითარების გზას და ამით მაგალითი მისცა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს.
1. ავთანდილ გვასალია, საქართველოს რეგიონულ ტელემაუწყებელთა ასოციაცია
2. მერაბ მერკვილაძე - TV "25-არხი" (ბათუმი)
3. ლალი ხუბულავა - TV "ლტვ" (ლაგოდეხი)
4. გოჩა მინჯორაია - TV "ოდიში" (ზუგდიდი)
5. გერმანე სალია - TV "მე-9-ე ტალღა" (ფოთი)
6. მერაბ ჩიქობავა - TV "ეგრისი" (სენაკი)
7. მაკა ყალიჩავა - TV "კოლხეთი 89" (ჩხოროწყუ)
8. კახა კვარაცხელია - TV "ჯიხა" (წალენჯიხა)
9. თამილა ღვინიანიძე - TV "რიონი" (ქუთაისი)
10. მერაბ კიკაბიძე - TV "მეგა TV" (ხონი)
11. ოთარ თევზაძე - TV "ზარი" (სამტრედია)
12. რამაზ გამეზარდაშვილი - TV "იმერვიზია" (ჭიათურა)
13. ლერი ბიწაძე - TV "არგო" (ზესტაფონი)
14. ჯონი ნანეტაშვილი - TV "თრიალეთი" (გორი)
15. დავით ლომიძე - TV "დია" (ხაშური)
16. მანუჩარ გოგოლაური - TV "მე-9-ე არხი" (ახალციხე)
17. ალექსანდრე ნოზაძე - TV "ბორჯომი" (ბორჯომი)
18. შალვა შუბლაძე - TV "მარნეული TV" (მარნეული)
19. ოლეგ უგრეხელიძე - TV "მე-12-ე არხი" (ბოლნისი)
20. ვანო თოლომაშვილი - TV "თვალი" (საგარეჯო)
21. თამარ აბელაშვილი - TV "გურჯაანი" (გურჯაანი)
22. ლერი ბიწაძე - TV "არგო" (ზესტაფონი)
23. კონსტანტინ ვართანიანი - TV "ფარვანა" (ნინოწმინდა)
24. ვარდან კტოიანი - TV "ატვ-12" (ახალქალაქი)
25. ენრი კობახიძე - TV "თანამგზავრი" (თელავი)
26. ავთანდილ გველედიანი - TV "გურია" (ოზურგეთი)
###