ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნესმენთა გაერთიანება იქმნება
05/08/2009

მედია ანონსი

5 აგვისტო, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საქართველოში ყველაზე მასშტაბური ბიზნესმენთა გაერთიანება იქმნება

2009 წლის 6 აგვისტოს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" (რუსთაველის გამზ. #13, თბილისი) ჩატარდება პრესკონფერენცია საქართველოში ყველაზე მაშტაბური ბიზნესმენთა გაერთიანების - "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" დაარსების შესახებ.

ბიზნეს ასოციაციის მიზანი საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება და ის შეასრულებს მედიატორის როლს საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორის შორის, ქვეყნის ბიზნეს გარემოში არსებული დაბრკოლებების და შესაძლო პრობლემების ზუსტი იდენთიფიკაციის და მათი მოგვარების გზით. საქართველოში დღეს სამწუხაროდ არ არის მთავრობასა და ბიზნეს სექტორის ურთიერთთანამშრომლობის ინსტიტუტი, რომელიც აუცილებელია არა მხოლოდ არსებობდეს, არამედ რეალურად იცავდეს ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ ინტერესებს და ხელი შეუწყოს ასეთი ურთიერთთანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციის გრძელვადიან დამკვიდრებას.

"უკვე კარგა ხანია დადგა საჭიროება შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას არამხოლოდ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების მხარდაჭერის და მათი ინტერესების წარდგენის მიზნით, არამედ ისეთი საქმიანობის და პროექტების განხორციელების მიზნითაც, რომელიც პოზიტიურად აისახება საქართველოს ბიზნეს გარემოს მდგრად განვითარებაზე და შესაბამისად ქვეყანაში ბიზნესის განვითარებაზე ამბობს "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთერთი ინიციატორთა ჯგუფის წევრი ბ-ნი გიორგი ჭირაქაძე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ითანამშრომლებს ყველა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, რათა ქვეყანაში მოხდეს ბიზნეს სექტორის და მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა, რომელიც წაახალისებს საქართველოში არსებულ ბიზნესმენთა ჩართულობას ქვეყნის ბიზნეს გარემოს მუდმივი გაუმჯობესების გზით.

ასეთი ტიპის ბიზნეს გაერთიანებები არსებობს თითქმის ყველა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ქვეყანაში ზოგადად ბიზნესის განვითარების, ინვესტორების მოზიდვის, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით.

საინიციატივო ჯგუფის წევრთა ინფორმაციით, "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართება მიმდინარე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში.

###

საკონტაქტო ინფორმაცია:
ზვიად ქვლივიძე
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი
მობ: 855 382737
ვებ.გვერდი: www.bag.ge

 

წაკითხულია: 8697