საღამო - ”მივიწყებული კულტურები” - “ელკანას” წევრ ფერმერთა პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია
მედია ანონსი
23 დეკემბერი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საღამო - ”მივიწყებული კულტურები”
“ელკანას” წევრ ფერმერთა პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია
26.12.2009, 15:30-18:30
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, საქართველოს
საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის
სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი
2009 წლის 26 დეკემბერს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, ასოციაცია ”ელკანა” გამართავს საღამოს - ”მივიწყებული კულტურები - ”ელკანას” წევრ ფერმერთა პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია”. ღონისძიების მიზანია ძველი ქართული კულტურებისა და ბიოაგროწარმოების პოპულარიზაცია.
ეკოპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა, ადგილობრივი ძველი ქართული კულტურული ჯიშების აღდგენა, ბაზარზე ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის წილის გაზრდა, სოფლად ტურიზმის განვითარება – ის საკითხებია, რომლებზეც ასოციაცია ”ელკანა~ წლების განმავლობაში მუშაობს. დღეისათვის ასოციაცია “ელკანას” წევრი ფერმერების მიერ წარმოებული ბიოპროდუქცია უკვე იყიდება თბილისის სუპერმარკეტებში.
საქართველოს საპატრიარქო მხარს უჭერს საქართველოში ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის განვითარებასა და აგრობიომრავალფეროვნების კონსერვაციას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 2009 წლის საშობაო ეპისტოლეში წერს: ”ვფიქრობ, ჩვენთან ეკოლოგიურად სუფთა და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების კარგი შესაძლებლობები გვაქვს და ამ სახით მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრების პერსპექტივაც. ამიტომაც, ვიდრე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური ქართული სასოფლო-სამეურნეო ჯიშები, თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს.”
სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრში გამართულ საღამოზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექონებათ დააგემოვნონ “ელკანას” ფერმერების პროდუქცია: ღვინო, ჩაი, თაფლი, ზეთი, წითელი დოლის ფქვილისაგან გამომცხვარი პური და, ასევე, ძველი ქართული ტრადიციული კერძები, რომლებიც დამზადებულია ხორბლის, ღომის, მუხუდოს, ცულისპირას, ცერცვისა და ფეტვის, წარსულში ფართოდ გავრცელებული ადგილობრივი ჯიშებისაგან. დღეს ეს კულტურები განადგურების პირასაა. “ელკანა”, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი ადგილობრივი აგრობიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებაზე ზრუნვაა, ხელს უწყობს საქართველოში ამ კულტურების მოყვანასა და გავრცელებას.
###
ღონისძიების პროგრამა (GEO)
ღონისძიების პროგრამა (ENG)
Media Advisory (ENG)
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: + 995 (32) 53 64 87
მის: გაზაფხულის ქ. 17
ელ-ფოსტა: biofarm@elkana.org.ge