ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სახელმწიფო ბიუჯეტის გენდერული მონიტორინგის მექანიზმი
21/06/2008

ანონსი მედიისთვის
 
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის 
 
სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გენდერული მონიტორინგის მექანიზმი

2008 წლის 24 ივნისს, 16:00 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება მრგვალი მაგიდა “სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გენდერული მონიტორინგის მექანიზმი”, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების გაქტიურებისათვის ხელშეწყობას და პროგრამის ფარგლებში მის ინსტიტუციონალიზაციას.

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა საბიუჯეტო პროცესებში ზეგავლენას ახდენს მმართველობის ინსტიტუტების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. კარგი მმართველობა ემყარება სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთობების ისეთ ელემენტებს, როგორიცაა ღიაობა, ეფექტიანობა, პასუხისმგებლობა და ანგარიშგებიანობა. ცხადია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ვერ გადაწყდება მხოლოდ მთავრობის კაბინეტებში ან კიდევ ხელისუფლების აქტივობით. მათი გადაწყვეტა და კონკრეტული ქმედებების განხორციელება არის სამოქალაქო საზოგადოების საქმეც.

საბიუჯეტო სფეროში გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობისათვის მოქალაქეებს სურთ დიალოგი ხელისუფლებასთან. ეს არის ისეთი პროცესი, როდესაც მოქალაქეთა ინტერესები, საჭიროებები და ფასეულობები გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო ფინანსების განაწილებაში. თანამონაწილეობა ბიუჯეტის მართვაში არის მართვის, დემოკრატიისა და პოლიტიკის ჩამოყალიბების თანამედროვე მიდგომა, რომელიც აძლიერებს იმათ ხმას, ვისი ინტერესები და საჭიროებები ხშირად იყო ხოლმე უგულებელყოფილი.

მრგვალი მაგიდის დისკუსიის საგანია, თუ როგორ შეიძლება გააქტიურდეს სამოქალაქო საზოგადოება საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე, რას გულისხმობს საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობა, რა დონეზე უნდა ერეოდნენ საბიუჯეტო პროცესში მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება, რა არის საჭირო ბიუჯეტის მონიტორინგის განხორციელებისათვის, როგორ ხორციელდებოდა 2007 წლის ბიუჯეტი და რა ნაკლოვანებები ჰქონდა მას.

მრგვალი მაგიდის ორგანიზატორია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი – “გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში” რომელიც ფინანსდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის მიერ.

###
 
საკონტაქტო პირი: ირინა ჟვანია
ტელ: 92 36 62  მობ: 877 44 15 24
www.genderpolitics.ge
 
წაკითხულია: 8280