ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსი საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ
29/04/2009

 

მედია ანონსი 

29 აპრილი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსი საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ

2009 წლის  30 აპრილი, 14.00 საათი - სასტუმრო ვერე-პალასში (ქუჩიშვილის 24/8) გაიმართება საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი ალიანსის წევრი ორგანიზაციების მიერ თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონია.

საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერი ალიანსი, რომელიც აერთიანებს საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებს 2009 წელს ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის (JSI) ინიციატივით შეიქმნა.

ალიანსში გაერთიანებული არიან როგორც ტექნიკური, ისე ფინანასური პარტნიორები. ტექნიკურ პარტნიორებს წარმოადგენენ ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი,  ეროვნული სკრინინგ ცენტრი, ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი "ჰერა", სუზან კომენის ძუძუს კიბოს ფონდი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო დამფინანსებლებად გვევლინებიან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, თბილისის მუნიციპალიტეტი, სუზან კომენის ფონდი, თბილისის მერია, მსოფლიო ბანკი,  საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია, ნინო ანანიშვილის ფონდი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ორგანიზაცია „ქართული ბალეტის მეგობრები", HSBC ბანკი, ფარმაცევტული კომპანიები „ჯი პი სი" და „ავერსი ფარმა", ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია, ფაბლისითი ჯფუგი, ორგანიზაცია „JDC" და შპს „კუს ტბა კალა".

თითოეულმა ორგანიზაციამ თავისი წვლილი შეიტანა საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო საერთაშორისო აქციის - "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად!" მხარდაჭერასა და დაფინანსებაში გამოიხატება. აღნიშნული მარათონი 10 მაისს, 11:00 საათზე, კუს ტბის ტერიტორიაზე გაიმართება (დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. www.raceforthecure.ge).

მსოფლიოში სიკვდილის ათ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს შორის კიბოს ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2004 წელს  ავთვისებიანი სიმსივნით 7.4 მილიონი ადამიანი დაიღუპა.  

ქალის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ძუძუს კიბო გავრცელების მიხედვით პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე ადგილი კი  ქალის სასქესო ორგანოთა ავთვისებიან სიმსივნეებს უჭირავს, სადაც 14.5% საშვილოსნოს ყელის კიბოზე მოდის.

საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ადრეულ დიაგნოსტიკასა და პრევენციას ენიჭება. რეგულარული თვითგასინჯვა და სკრინინგი წარმოადგენს ამ  დაავადებების თავიდან აცილების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას. ამის წყალობით განვითარებულ ქვეყნებში საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს შემთხვევები წლიდან წლამდე მცირდება. თუმცა საქართველოში ეს პრობლემა ჯერჯერობით საკმაოდ აქტუალურია და ამ დაავადებებით სიკვდილიანობის ერთ ერთი მთავარი მიზეზი არის სწორედ დაგვიანებული დიაგნოსტიკა, რაც განპირობებულია მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი დონით.

ყოველმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ძუძუს კიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი, რადგან მისი ნაადრევი გამოვლენა სიცოცხლის შენარჩუნებისა და გახანგრძლივების საწინდარია. ერთად ვიზრუნოთ სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაზე!

### 

ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტის შესახებ:

ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი (JSI) წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის ამერიკულ ფირმას, რომელიც უწევს მაღალი ხარისხის ტექნიკურ და მენეჯერულ დახმარებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებს მთელ მსოფლიოში. JSI აღიარებულია ლიდერად ჯანდაცვის სხვადასხვა სფეროში მთელი რიგი ინოვაციური პროგრამების განხორციელების გამო (რეპროდუქციული და ქალთა ჯანმრთელობა, ოჯახის დაგეგმვა, დედათა ჯანმრთელობა, ბავშვთა გადარჩენა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და აივ/შიდსი, სამედიცინო სისტემების მართვა, ორგანიზაციული განვითარება, ჯანდაცვის დაფინანსება და პოლიტიკის შექმნა).  საქართველოში JSI ხელმძღვანელობს ქალთა ჯანმრთლობის პროგრამას, რომელიც დაიწყოო 2003 წელს და ხორციელდება ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.

2009 წლის მარტში, ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტმა წამოიწყო ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კობოს ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის მეთოდების დამკვიდრებასა და გავრცელებას. პროქტის ფარგლებში დაგეგმილია 400-მდე ოჯახის ექიმისა და მეან-გინეკოლოგის გადამზადება, არსებული სკრინინგ ცენტრების გაძლიერება, მიმართვიანობის სისტემის დანერგვა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიის წარმოება.  პროექტი გაგრძელდება 2010 წლის მარტამდე.


საკონტაქტო პირი:
ნინო კაკუბავა
პროექტის მენეჯერი
ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი
ტელ: (995 32) 24 48 48; (995 77) 44 74 84
ელ-ფოსტა: nkakubava@jsi.ge
ვებ-გვერდო: www.jsi.ge 

 

 

 

 

წაკითხულია: 10446