ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ქალები მშვიდობის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროცესებში
13/10/2008


ანონსი მედიისთვის

13 ოქტომბერი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
 


ქალები მშვიდობის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროცესებში

გორი, 2008 წლის 18 ოქტომბერი, 12:00 საათი - ევროპის ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულის ფარგლებში, გორის № 3 საჯარო სკოლის დარბაზი (ქ. გორი, ამილახვრის ქ № 6) უმასპინძლებს მრგვალ მაგიდას "ადგილობრივი თვითმმართველობა და ქალთა როლი მშვიდობის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროცესებში".

ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მდგომი სახელმწიფო ორგანოს როლი მნიშვნელოვანია კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების, ნდობის აღდგენის და მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალთა აქტიური მონაწილეობა მშვიდობის ყველა ინიციატივაში კონფლიქტების თავიდან აცილებისა და გადაწყვეტის მიზნით.

მრგვალი მაგიდის მიზანია სამშვიდობო ღონისძიებებსა და პოსტ-კონფლიქტური საზოგადოებების რეკონსტრუქციის პროცესებში საკრებულოს წევრ ქალთა მონაწილეობის გააქტიურება.

მრგვალი მაგიდის მუშაობას გახსნიან ქ-ნ რუსუდან კერვალიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბ-ნი იგორ გაონი, ევროპის საბჭოს ელჩი საქართველოში და ბ-ნი მამუკა აბულაძე, საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი. მრგვალი მაგიდის მუშაობაში იგეგმება კონფლიქტური რეგიონებიდან საკრებულოს წევრ ქალთა გამოსვლები და დისკუსია.

მრგვალი მაგიდის დასასრულს, საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი შეიმუშავებს ორი სახის მიმართვას:

1. ევროპის ადგილობრივი დემოკრატიის კვირეულში მონაწილე ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მუნიციპალიტეტების მიმართ, რათა მათ შესძლონ დახმარება გაუწიონ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ბავშვებს;
2. საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლებების მიმართ, რათა მათ მიერვე შექმნილ სპეციალურ ფონდში გადარიცხონ გარკვეული ფიქსირებული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად.

მრგვალი მაგიდის ორგანიზატორია საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი, რომელიც შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში" მხარდაჭერით. მრგვალი მაგიდის ორგანიზატორები ასევე არიან პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო და ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაცია. 

###

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ ბაგრატია
გაეროს განვითარების პროგრამის „გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში"
პროექტის კონსულტანტი
ტელ: 895 565553/923662


 

წაკითხულია: 7473