წყლის გლობალური პარტნიორობა - საქართველო
მედია ანონსი
20 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
გიორგი ძამუკაშვილი
ტელ: 899 547931
dgeorge@yandex.ru
წყლის გლობალური პარტნიორობა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 20 ოქტომბერი, 2010 - 2010 წლის 21 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 11.00-12.00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჰოლში, წყლის გლობალური პარტნიორობა - საქართველო აწყობს პუბლიკაციის "წყლის გლობალური პარტნიორობა ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესს" პრეზენტაციას. ღონისძიება ტარდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით კლიმატის ცვლილების კვირეულის ფარგლებში (17-24 ოქტომბერი).
პუბლიკაციაში შევიდა ქართულ ენაზე ნათარგმნი ორი დოკუმენტი, რაც მას პირობითად ორ ნაწილად ჰყოფს. პირველი ნაწილი წარმოადგენს ამონარიდს წყლის გლობალური პარტნიორობის 2009-2013 წწ. სტრატეგიიდან, კერძოდ მე-2 მიზანს, რომელიც ეხება წყლის გლობალური პარტნიორობის მზადყოფნას იზრუნოს წყლის მართვის სრულყოფაზე, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელ რესურსზე, რათა ამჟამინდელი და მომავალი თაობებისათვის შემცირდეს "ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ემუქრება განვითარებას" (Strategy, p.14). პუბლიკაციის მეორე ნაწილი წარმოადგენს დოკუმენტის "კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სახლმძღვანელო პრინციპების" სრულ ტექსტს. დოკუმენტი მიღებულია წყლის გლობალური პარტნიორობის მხარეების მიერ 2009 წლის 17 აპრილს კენიის დედაქალაქ ნაირობიში გამართულ კონფერენციაზე. მასში ჩამოყალიბებულია კლიმატის ცვლილებასთან მიწისა და წყლის რესურსების ადაპტაციისათვის რეკომენდაციები, რომელსაც წყლის გლობალური პარტნიორობა სთავაზობს ქვეყნებს საადაპტაციო ქმედებების განსახორციელებლად.
პუბლიკაციის პრეზენტაცია არის ერთ-ერთი იმ ღონისძიებათაგანი, რომელსაც წყლის გლობალური პარტნიორობა-საქართველო აწყობს წყლის რესურსებზე საზოგადოების ფართო ფენების ყურადღების კონცენტრირების მიზნით. ეს ორგანიზაცია წარმოადგენს წყლის გლობალური პარტნიორობის (Global Water Partnership) ფუნქციურ ნაწილს საქართველოში.
წყლის გლობალური პარტნიორობა (GWP) დაფუძნებულია 1996 წელს მსოფლიო ბანკის (WB), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (SIDA) მიერ. მისი ძალისხმევა მიმართულია წყლის მსოფლიო უსაფრთხოებისაკენ. ამჟამად GWP მუშაობს მსოფლიოს 13 რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში. ორგანიზაციის სამდივნო მდებარეობს ქ. სტოკჰოლმში.
წყლის გლობალური პარტნიორობა-საქართველო თავის პარტნიორებს, კლიმატის კვირეულის მონაწილეებს, ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა და კერძო პირს უსასყიდლოდ სთავაზობს პუბლიკაციას ქართულ ენაზე, ასევე, კომპაქტ-დისკზე ჩაწერილ დოკუმენტების ქართულ და ინგლისურ ვერსიებს.
ღონისძიების ადგილის - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს - მისამართია გულუს ქ. 6 (ორთაჭალა); მდებარეობს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების გვერდით.