1 სექტემბერი, 2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის
ეკა ლალიაშვილი
ტელ: 577 32 72 71
ekalal@hotmail.com
eka@saferoads.ge
veb-gverdi:
www.roadsafety.ge
"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ქვეითებისა და მძღოლების ქცევის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას გეგმავს
ა/წ 3 სექტემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ევროკავშირის პროექტის "ქვეითების უსაფრთხოების ადვოკატირება" ფარგლებში ქვეითებისა და მძღოლების ქცევის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციას გეგმავს.
კონფერენციის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ქვეითები და მძღოლები ყოველდღიურად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს.
ამავე დროს, სასურველია დაიგეგმოს შემდგომი ნაბიჯები კანონდარღვევების აღმოსაფხვრელად და საგზაო უსაფრთხოების სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
კონფერენციას დაესწრება ქალაქ თბილისის მერი - ბატონი დავით ნარმანია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი არჩილ თალაკვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომდგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდების სამეფოს, ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოების წარმომდგენლები, არასამთავრობო სექტორი და სხვა დაინტერესებული მხარეები.
###
კვლევის შედეგები
თბილისში ქვეითების ნახევარზე მეტი (52-53%) ქუჩას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით კვეთს. აღნიშნული ქცევა 3 ძირითადი მიზეზით არის განპირობებული:
ცნობიერების დაბალი დონე
ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები
ლიბერალური კანონი / კანონის აღსრულების დაბალი მაჩვენებელი