ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
“ქართული ბრენდის დღე 2007”
14/12/2007

 

ანონსი მედიისთვის

დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის


“ქართული ბრენდის დღე 2007”

19 დეკემბერს, 19 საათზე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო “პროფილი” წარმოგიდგენთ რიგით მეხუთე ქართული ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალს. ღონისძიება 2007 წლის საგამოფენო ცენტრ ,,Expo Georgia’’-ში გაიმართება.

პროექტში ,,ქართული ბრენდის დღე’’ მონაწილეობენ ქართული ლიდერი კომპანიები; ასევე წარმატებული ახალი ქართული ბრენდები. ,,პროფილი კვლევის’’ მიერ გამოვლენილია გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში:

  • ლიდერი;
  • რეპუტაცია და ნდობა;
  • წარმატებული ქართული ბრენდი;
  • წარმატებული სატელევიზიო შოუ პროექტი;
  • წარმატებული სარეკლამო რგოლი;

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირებას, პოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზარზე; კომპანიებს შორის არსებული კონკურენციის ჯანსაღი მეთოდების და ტექნოლოგიების დამკვიდრებას; ეთიკური ბიზნეს გარემოს არსებობას; ასევე კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას; ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას.

ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური კონკურსი მრავალ ქვეყანაში პოპულარობით სარგებლობს და ყველგან წარმატებულია. სწორედ, ამ ფაქტმა უბიძგა პროექტის ავტორებს, საქართველოშიც აღენიშნათ ეროვნული ბრენდების დღესასწაული.

,,ქართული ბრენდის დღეს” 2003 წელს ჩაეყარა საფუძველი. მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პირველი ღონისძიება სალონური ტიპის გახლდათ და მასში მონაწილეობდნენ მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები. პროექტის ავტორთა სასიხარულოდ, არ გამართლდა სკეპტიკოსების ვარაუდი. ,,ქართული ბრენდის დღე” ყოველწლიურად ვითარდება და ფართო მასშტაბებს იძენს.

მანანა გეგიძე (საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ გენერალური დირექტორი): ,,პროექტი მართლაც გამორჩეულია რასაც მონაწილე კომპანიების, ექსპერტების, ბიზნესმენების და საზოგადოებრივი აზრის ლიდერების დადებითი განწყობა და ასევე მედია და სხვა სახის გამოხმაურებები ადასტურებს.’’

ელგუჯა მარღია (საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი): ,,ჩვენი დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად, ,,ქართული ბრენდის დღე’’ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა. მინდა განვაცხადო, რომ სამომავლოდ დაგეგმილია მთელი რიგი სიახლეები, რაც პროექტის წინსვლას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.’’

პროექტის პარტნიორები:
,,MD soft”, ,,Georgian Jurnal”, სტუდია ,,ბარსა”, ,,სარეკლამო ჯგუფი”

საინფორმაციო მხარდამჭერები:
რუსთავი2, ტელე იმედი, ფორტუნა, არ დაიდარდო, სარკე, პირველი, ”ყველა სიახლე”, ”ბიზნეს ნიუსი”.

პროექტი ,,ქართული ბრენდის დღე’’ დაპატენტებულია 2005 წელს და საავტორო უფლება ეკუთვნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილს’’.

საკონტაქტო პირი: მანანა გეგიძე
ტელეფონები: 94 36 03; 893 34 34 11
ელ-ფოსტა: info@profile.com.ge

###
წაკითხულია: 9030