ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
,,დებატების სკოლის“ ტრენინგები - მოსწავლეთა თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის
02/09/2014

პრესრელიზი

2 სექტემბერი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
ნათია ომაძე 599 299211
მეგობრობის ხიდი
,,ქართლოსის" PR მენეჯერი

,,დებატების სკოლის" ტრენინგები - მოსწავლეთა თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობისთვის

2014 წლის 1-5 სექტემბერს საზოგადოებრივი კავშირი ,,მეგობრობის ხიდი - ქართლოსი" (გორი, საქართველო) და სამოქალაქო განათლების ცენტრი (ვარშავა, პოლონეთი) პროექტის ,,დებატების სკოლა" ფარგლებში მასწავლებლების ტრენინგებს აწყობს. პოლონელი ტრენერების მიერ მასწავლებლები დატრენინგდებიან შემდეგ თემებზე: დებატების როლი პრობლემების გადაჭრის კუთხით, თვითმმართველობა და მოსწავლეების ჩართულობა, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება მოსწავლეთა თვითმმართველობის განვითარებისთვის.

,,დებატების სკოლის" პროექტი საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ,, მეგობრობის ხიდი - ქართლოსის" და პოლონური სამოქალაქო განათლების ცენტრის მიერ. გასულ წელს პროექტში 6 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. ამჟამად კი მასში საქართველოს 4 რეგიონი ( მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, ქვემო და შიდა ქართლი) და 16 სკოლაა ჩართული.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები და ვორკშოპები, გამოიცა პუბლიკაციები დებატების თემაზე. მიმდინარე წელს ტრენერებისთვის მოეწყო სასწავლო ვიზიტი პოლონეთში , ქალაქ ვარშავაში, რომლის დასრულების შემდეგ ტრენერები სკოლებს ეწვივნენ მდგომარეობის შესწავლის მიზნით. სექტემბერ-ნოემბერში ისინი ვორკშოპებს და დებატებს ჩაატარებენ, დასასრულს კი დაგეგმილია პროექტის დასკვნითი კონფერენცია.
პროექტის ,,დებატების სკოლა" მიზანია სკოლებში დემოკრატიის ხელშეწყობა, მოსწავლეებისთვის დებატების კულტურის, კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება და საქართველოსთვის დებატების პოლონური მოდელის გაზიარება.

პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში - ,,დემოკრატიის ხელშეწყობა" და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

წაკითხულია: 3417