ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/10/2020
10-17 ოქტომბერს ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი იმართება
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია 10-17 ოქტომბერს, USAID/Zrda-ს მხარდაჭერით, „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინ ფესტივალს“ გამართავს, რომელიც ტრადიციული ხელობების ტექნიკის დოკუმენტალიზაციას, პოპულარიზაციას და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.
ტრადიციული რეწვის ფესტივალის ონლაინ ფორმატი წარმოადგენს COVID-19 პანდემიის გამოძახილს, რაც ღონისძიების და მასში მონაწილე ოსტატების თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.
ფესტივალი სოციალური მედია-კამპანიის სახით ჩატარდება, რაც 4-6 წუთიან ვიდეო-მასტერკლასებს (ქვაზე კვეთა, კერამიკული მარნის დამზადება, ზარის ჩამოსხმა, თელვა, ჩითის და ფარდაგის ქსოვა, ინკრუსტაცია, ტიხრული მინანქარი და სხვა), ონლაინ შეხვედრებს და სემინარებს მოიცავს.
სახელოსნოების ონლაინ ფესტივალი/International Festival of Crafts Workshops ჩატარდება სოციალური ქსელების (FB) გვერდებზე: Craftsworkshopfestival, Heritage.craft2015.

მნიშვნელოვანია, რომ კამპანიის ნაწილი გაზიარდება ლონდონის რეწვის კვირეულის ფარგლებში გამართული Create Day-ის პლატფორმაზე www.createday.org, ასევე საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციების Michelangelo Foundation და World Crafts Council/Europe-ის სოციალურ ქსელებზე.

ფესტივალის მთავარ ამოცანას, ტრადიციული რეწვის ნიმუშების გაყიდვად პროდუქტად ქცევის გარდა, ვიზიტორებისთვის ახალი საინტერესო სერვისების შექმნა წარმოადგენს. კერძოდ, მნიშვნელოვანია, ოსტატების სახელოსნოებში გაიზარდოს ვიზიტორთა ჩართულობა და აქტივობა. სწორედ ამიტომ, ონლაინ ფესტივალის ფარგლებში, მეტი ყურადღება შესრულების პროცესის დოკუმენტალიზაციას დაეთმობა.

როგორც საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წარმომადგენელი და ფესტივალის ორგანიზატორი ანა შანშიაშვილი აღნიშნავს, ფესტივალი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ოსტატების პოპულარიზაციას და რაც მთავარია, საზოგადოებას აჩვენოს და დემონსტრირება მოახდინოს იმ პროცესების, რომელიც რეწვის ამა თუ იმ ნიმუშის შექმნას უკავშირდება. ონლაინ ფესტივალის შემთხვევაში, ძირითადი აქცენტი სწორედ უშუალოდ პროცესის დოკუმენტალიზაციაზე კეთდება, რაც მომავალ თაობებსაც შეუნახავს ცოდნას, თუ როგორ მზადდება მაგალითად, კერამიკული მარანი, ან როგორ უნდა ჩამოისხას საეკლესიო ზარი. ამდენად, ეს ვიდეოები ცოდნის გადაცემის წყაროც გახდება.

საქართველო რეწვის ტრადიციით საერთაშორისო საზოგადოებისთვის არც ისე ცნობილია და ძალიან სასიხარულოა, რომ წელს ჩვენი ქვეყანაც შეუერთდება ამ საერთაშორისო ინიციატივას. ეს გარკვეულ ინტერესს გამოიწვევს ზოგადად საქართველოს მიმართ, ოსტატების სახელები და ნამუშევრები კი უკვე საერთაშორისო არენაზე გაჟღერდება, რასაც სამომავლოდ შესაძლოა გარკვეული თანამშრომლობებიც მოჰყვეს.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორი აღნიშნავს, ტრადიციულ რეწვას საკმაოდ პერსპექტიული მომავალი აქვს და ამ მხრივ, გლობალურად გარკვეული ტენდენციები შეინიშნება, რაც მომავალში ქართულ ბაზარზეც აისახება.

„მსოფლიო ინდუსტრიული წარმოებიდან თანდათან ისევ ექსკლუზიური, ხელნაკეთი ნივთების დამზადებისკენ იხრება. საშუალო და მაღალი ფენა დღეს სწორედ ასეთი ექსკლუზიური ნამუშევრების ძიებას იწყებს. საზღვარგარეთ დიდი ქსელები უკვე ხვდებიან ამ პროცესების მნიშვნელობას და თავის ქსელში ხელნაკეთი ნივთების შეტანას იწყებენ. ამავდროულად, ისინი საკუთარ ნამუშევრებს „სთორი თელინგის“ კომპონენტს უმატებენ. ამდენად, ნივთი აღარ არის მხოლოდ ნივთი, რადგან გამდიდრებულია თავისი ისტორიით და უფრო საინტერესო კონტექსტს ქმნის. რა თქმა უნდა, ეს ტენდენცია ჩვენთანაც შემოდის და სულ უფრო დიდი იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივების მხრიდანაც მეტად დაფასდება“ - აღნიშნავს ანა შანშიაშვილი.



ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1233