10 მაისს თბილისში პირველად ჩატარდა "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად"
[PUBLICITY.GE] თბილისი, 11 მაისი, 2009 - 10 მაისს კუს ტბაზე თბილისში პირველად ჩატარდა საერთაშორისო აქცია - "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად". ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი "ჰერა", ეროვნული სკრინინგ ცენტრი, საერთაშორისო ორგანიზაციები: სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი და ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი, აქცია ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ქალთა ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდსა.
აქციის მიზანს საზოგადოების ცნობიერებისა და ცოდნის დონის ამაღლება წარმოადგენდა ძუძუს კიბოს პრობლემისა და მისი ნაადრევი გამოვლენის მეთოდების შესახებ. სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდის დამფუძნებელმა, ნენსი ბრინკერმა 1983 წელს პირველად მსოფლიოში მოაწყო აქცია Race for the Cure, რომლის ქართული ანალოგიაა "მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად". აღნიშნულმა აქციამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში და ბევრ ქვეყანაში ტრადიციაად იქცა.
თბილისის აქციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა კუს ტბაზე შეკრება 10 საათიდან დაიწყეს, 11:00 საათამდე კი მარათონულ სირბილში მონაწილეობის მიღების მსურველები გადიოდნენ რეგისტრაციას. 11:00 საათზე მორბენლებმა სტარტი აიღეს და გულშემატკივართა გამამხნევებელი შეძახილების ფონზე კუს ტბას 5 წრე შემოურბინეს, რამაც 5 კილომეტრი შეადგინა. გამოვლინდნენ მარათონულ შეჯიბრში გამარჯვებული ქალბატონი და მამაკაცი.
11:00 საათიდანვე აქტიურად მუშაობდნენ კუს ტბის ტერიოტორიაზე გახსნილი სხვადასხვა ცენტრები - სარეგისტრაციო, საინფორმაციო-საგანმანათლებლო, მედია ცენტრი. საინფორმაციო-საგანმანათლებლო მაგიდებთან რიგდებოდა ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული საჭირო მასალები - ბუკლეტები, ბროშურები, ლიფლეტები - ძუძუს ჯანმრთელობის, თვით-გასინჯვის მეთოდებისა და მამოგრაფიის შესახებ, ასევე სურვილის შემთხვევაში წარმოებდა საკითხთან დაკავშირებული საჭირო კონსულტაციაც. აქციის ყველა დამსწრეს საჩუქრად გადაეცა სამახსოვრო მაისურები, ბროშები აქციის ემბლემით, სტიკერები და სხვა სუვენირები.
ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ აქციაზე სკრინინგის (ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის) მოძრავი კაბინეტი იქნა უზრუნველყოფილი, რამაც 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს უფასო გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა მისცა. გამოკვლევის ჩატარების მსურველთა შორის ცნობილი ქალბატონები - ია ფარულავა და ეკა კახიანიც აღმოჩნდნენ.
13:00 საათზე შედგა აქციის მონაწილეთა საერთო მსვლელობა კუს ტბის გარშემო, რის შემდეგაც, 14:00 საათზე აქციის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა. კონცერტი ცნობილი "კირიელეისონით" გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად საქართველოს პირველმა ლედიმ - სანდრა რულოვსმა გახსნა. სიმღერის შემდეგ ქალბატონმა სანდრამ ხაზი გაუსვა ამგვარი აქციების აუცილებლობას და დიდი მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და სპონსორებს. გორის ქალთა კამერული გუნდის გამოსვლის შემდეგ მარათონულ სირბილში გამარჯვებულ ქალსა და მამაკაცს გარდამავალი თასი და საპრიზო თანხა გადაეცათ, ასევე, როგორც გამარჯვებულებს, ისე ღონისძიების სპონსორებსაც გადაეცათ სპეციალური სასაჩუქრე ბარათები "ფაბლისითი ჯგუფისა" და კომპანია "პროსერვისისაგან". ძუძუს კიბოზე გამარჯვებული ქალბატონი კი პირის ღრუს მოვლის საშუალების "ლისტერინის" სასაჩუქრე კალათით დაჯილდოვდა. სიტყვით გამოვიდნენ აქციის ორგანიზატორები, სპონსორები და მხარდამჭერები. მხარდამჭერი კონცერტი ჯგუფის STRING გამოსვლით დასრულდა.
აქციაზე წარმოდგენილი იყო სპონსორების, მხარდამჭერი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საექსპოზიციო სტენდები სხვადასხვა პროდუქციით, პრომო მასალებით, საჩუქრებითა და ხელოვნების ნიმუშებით.
ღონისძიებას ბევრი ავტორიტეტული პირი დაესწრო, მათ შორის საქართველოს პირველი ლედი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მეუღლით, ინგლისის ელჩი, რომელმაც თავად მიიღო მარათონულ შეჯიბრში მონაწილეობა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრები და საზოგადოების ცნობილი პირები.
საქართველოში მარათონი პირველად ჩატარდა 2005 წელს, ქუთაისში და მას შემდეგ ყოველწლიურად მისი ჩატარება ტრადიციად იქცა. აღნიშნულ აქციებში მონაწილეობა მიღებული აქვს 300-ზე მეტ ორგანიზაციასა და დაწესებულებას. ხოლო მთლიანობაში, მოცულ იქნა 4000-ზე მეტი ყველა ასაკის და სქესის მოსახლეობა.
ყოველმა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ძუძუს კიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი, რადგან მისი ნაადრევი გამოვლენა სიცოცხლის შენარჩუნებისა და გახანგრძლივების საწინდარია. ერთად ვიზრუნოთ სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაზე!
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.raceforthecure.ge
###
პრობლემის შესახებ:
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად რეგისტრირდება 650 000-ზე მეტი ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევა, აქედან დსთ-ს ქვეყნების წილად 50 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა
მოდის. საქართველოში კი ყოველწლიურად 1000-1200 ახალი შემთხვევა ფიქსირდება
წელიწადში. ეს იმას ნიშნავს რომ საერთო სიმსივნურ პათოლოგიაში ძუძუს კიბოთი
ავადობის ხვედრითი წილი 1/3-ზე მეტს შეადგენს. თანამედროვე სტატისტიკურ მასალებზე
დაყრდნობით ქალთა დაავადებების საერთო სტრუქტურაში ძუძუში მიმდინარე პათოლოგიურ
პროცესებს 13,5%-დან 30%-მდე უჭირავს. ავთვისებიან სიმსივნეთა
შორის ქალებში პირველ ადგილზეა ძუძუს კიბო და ქალთა პოპულაციის ონკოდაავადებათა 35%-ს შეადგენს.
სამწუხაროდ მოსახლეობის უმრავლესობამ ნაკლებად იცის რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადება სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიაა. ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ძუძუს თვითგასინჯვა, ძუძუს კლინიკური გასინჯვა და ყოველწლიური მამოგრაფია 40 წელს ზემოთ ასაკის ქალებისათვის, ქალბატონებს ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის და ეფექტური მკურნალობის საშუალებას მისცემს.
სპონსორები:
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიკა დავითულიანი
დირექტორი, ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი "ჰერა"
ტელ : + 995 99 257 172
ელ-ფოსტა: mdavituliani@yahoo.com
ვებ-გვერდი www.raceforthecure.ge; www.jsi.ge
თამარ ჯიბუტი
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი, ფაბლისითი ჯგუფი
ტელ: +995 77 465 590
ელ-ფოსტა: tako@publicity.ge