ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
17/06/2013

პრესრელიზი

4 ივნისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979

7 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე წელს ოცდამეცხრედ აღინიშნება.

1994 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. 1999 წლიდან საქართველო გახდა გაეროს მიერ მიღებული „გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ" კონვენციის მხარე.

ყოველწლიურად 17 ივნისი სხვადასხვა თემას ეძღვნება. 2013 წლის გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის თემაა გვალვა და წყლის სიმწირე, ხოლო სლოგანი - "არ დაუშვა ჩვენი მომავლის გაუწყლოვანება".

გაუდაბნოება და გვალვა გლობალური მასშტაბის პრობლემაა, რომელიც აზარალებს მსოფლიოს ყველა რეგიონს.

2013 წლის გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება გვალვისა და წყლის სიმწირის, აგრეთვე ჯანსაღი ნიადაგის მდგრადობის თაობაზე. განსაკუთრებით ეს ეხება რეგიონებს, სადაც დაბალია ტენიანობა. სლოგანი ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ წყლისა და ნიადაგის შენარჩუნებისა და გონივრული გამოყენებისათვის და ბუნებრივი რესურსების გამოწვევების წინააღმდეგ არსებობს ეფექტური გადაჭრის გზები. მიწის დეგრადაციამ არ უნდა შეუქმნას საფრთხე ჩვენს მომავალს.

ფაქტები და ინფორმაცია გაუდაბნოების შესახებ:

გაუდაბნოება არის ნაყოფიერი მიწების უდაბურ ადგილად გადაქცევის პროცესი, რაც იწვევს გვალვას, ტყის მასივებისა და სოფლის მეურნეობის დაზარალებას, საკვები რესურსების კლებას, შიმშილს, სიღარიბეს, გახშირებული ქარისა და მტვრისგან მოსახლეობაში ჯანმრთელობის გაუარესებას, ალერგიული და რესპერატორული დაავადებების გახშირებას, გაუსაძლისი პირობების გამო მოსახლეობის იძულებით მიგრაციას

· ამჟამად მსოფლიოში გაუდაბნოების შედეგად უკვე 24 მილიონი ეკო-მიგრანტია. 2050 წლისთვის, შესაძლოა, მათმა რაოდენობამ 200 მილიონს მიაღწიოს

· გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია დედამიწის ზედაპირის ერთ მესამედს ემუქრება, რაც დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს ტოვებს შემოსავლის წყაროსა და საცხოვრებელი პირობების გარეშე

· ეროზიის შედეგად განადგურებული ნიადაგის 2,5 სანტიმეტრის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა 500 წელი

· ნიადაგის დეგრადაცია იწვევს ტბებსა და მდინარეებში ნატანის მატებას, სასმელი წყლის ხარისხის გაუარესებას, ინფექციური დაავადებებისა და ეპიდემიების გახშირებას

· საქართველოში გაუდაბნოების ყველაზე დიდი საფრთხე დედოფლისწყაროს რაიონს და ქვემო ქართლს ემუქრება. კახეთში არსებული ქარსაცავი ზოლების განადგურებამ, გადაჭარბებულმა ძოვებამ, ტყის ხანძრებმა და არამდგრადმა სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკამ მიწის 30%-ის დეგრადაცია გამოიწვია

 

წაკითხულია: 2680