პრესრელიზი
15 იანვარი, 2014
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თამთა თამაზაშვილი
tourism@gnta.ge
599452233
2014 წელს პოლონეთი საქართველოსთვის მიზნობრივ ტურისტულ ბაზრად რჩება
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი სიგუას ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ.ვარშავაში წამყვანი ტურ-ოპერატორებისა და ჟურნალისტებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია მოეწყო. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეკრებილ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებულ ზამთრის კურორტებსა და ზოგადად ტურისტულ სფეროში არსებულ სიახლეებზე.
შეხვედრა პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში პოლონელი ტურისტების რაოდენობის ზრდას. მისი განცხადებით ამ პროცესს ხელი შეუწყო ასევე ორ ქვეყანას შორის პირდაპირმა საჰაერო მიმოსვლამ და რეისების სიხშირემ. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ზრდის ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.
2013 წელს პოლონეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 80%-ით გაიზარდა. კვლევების თანახმად პოლონეთი ევროკავშირის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს ვიზიტორთა რაოდენობითა და მათი ზრდის დინამიკით.
„2014 წელს, ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ საქართველოს პოზიციონირებას პოლონეთის ბაზარზე, იგეგმება უფრო ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანიების ჩატარება, მოთხოვნის ზრდასთან ერთად მოსალოდნელია დამატებითი რეისების დანიშვნაც" - განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარე წელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ფართო მასშტაბიანი სარეკლამო კამპანია დაიწყება. იგეგმება პოლონეთში ქართული დღეების გამართვაც.