„მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ სამი წლის წინ ინიცირებულმა კონკურსმა ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა. პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ამ სფეროში კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერება წარმოადგენს ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რადგანაც სწორედ ამ დარგის განვითარება უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას“, - აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.
„გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდთან ჩვენი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით, შევქმენით პარტნიორობის წარმატებული მოდელი, რომელიც საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს განათლების სექტორს და გახდეს პროფესიული განათლება კიდევ უფრო პოპულარული“, - განაცხადა ზურაბ კერვალიშვილმა, ჯილდოს გენერალური სპონსორის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა.
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ხელს უწყობს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მდგრადობას. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნეს პარტნიორების წარმატების ისტორიების წარმოჩენით.