ტელეკომპანია „იმედმა“ სარეკლამო შემოსავლებიდან 29 მილიონი ლარი მიიღო, საიდანაც 3,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა„ -12,8 მილიონის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 2,1 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამა იყო. ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 11,1 მილიონი ლარი სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 4,3 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. „ტელეკომპანია პირველმა“ 6,2 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 1,9 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა. „ჯი-დი-ეს თი-ვიმ“ 2,8 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 0,5 მილიონი ლარი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავალია. რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“, მან 2,3 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც პოლიტიკურმა რეკლამამ 0,4 მილიონი ლარი შეადგინა. ტელეკომპანია „პოსტვ“-მ ჯამში 1,6 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, საიდანაც 0,3 პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხებია.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 1,1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია. „სილქნეტის“ მიერ სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 1,4 მილიონი ლარია, არხს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ განუთავსებია. „სეტანტა ჯორჯიამ“ 0,76 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა კი არ ჰქონია. სარეკლამო შემოსავლების 8% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა.
სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს წლების განმავლობაში არსებული სურათი შეიცვალა, კერძოდ, ბოლო წლებში სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების 70%-ზე მეტს ორი მაუწყებელი ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი 2“ იკავებდა. 2017 წელს „იმედს“ სარეკლამო ბაზრის 35% ეკავა, „ რუსთავი 2“ -ს 41%, 2018 წელს „იმედს“ ბაზრის 34% ჰქონდა, „რუსთავი 2“-ს 41 %, 2019 წელს იმედს 40%, „რუსთავი 2“-ს 33%. 2020 წელს აღნიშნული სურათი შეიცვალა და სარეკლამო ბაზრის 79% უკვე 4 მაუწყებელი ტელეკომპანია „იმედი“ , „რუსთავი 2“, „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“ იკავებს.
უფრო ზუსტად, 2020 წელს სარეკლამო შემოსავლები ასე გადანაწილდა - 39% ტელეკომპანია „იმედი“, 17% - „რუსთავი 2“, 15% - „მთავარი არხი“, 8% - „ტელეკომპანია პირველი“ 4%- GDS-ი. ტელეკომპანია „ფორმულა“-3%, „პოსტვ“- 2%, სარეკლამო შემოსავლების 12% სხვა მაუწყებლებზე გადანაწილდა.
რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს, 2020 წელს რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით ნაკლებია. რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების კლება დიდწილად სწორედ პანდემიას უკავშირდება.