ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/12/2025
Ecovis საქართველო ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრი გახდა

აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო სფეროს ერთ-ერთი გლობალური ლიდერი კომპანია, Ecovis საქართველო, ოფიციალურად შეუერთდა ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) გაერთიანებას. ეს სტრატეგიული ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მისწრაფებას, ხელი შეუწყოს საქართველოში ევროპული ბიზნეს-ღირებულებების დამკვიდრებას და გამჭვირვალე ეკონომიკური გარემოს განვითარებას.

Ecovis-ი, რომელიც მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და საერთაშორისო ბაზარზე სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს, EBA-ში გაწევრიანებით ახალ პლატფორმას ქმნის ქართული და ევროპული ბიზნეს-სექტორების დასაახლოებლად. ასოციაციის წევრობა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, უფრო აქტიურად ჩაერთოს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების პროცესში. ევროპული ბიზნეს ასოციაცია აქტიურად მუშაობს საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის (PPD) გაძლიერებაზე, რაც ხელს უწყობს ევროპული სტანდარტების დანერგვასა და ქვეყანაში მაღალი ხარისხის, მდგრადი ინვესტიციების მოზიდვას. ასოციაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების წინ წამოწევას, რაც ქართულ ბიზნესს ეხმარება, გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი ევროპულ ბაზარზე.


Ecovis საქართველოს მმართველი პარტნიორები აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომპანიის განვითარების ლოგიკურ და სტრატეგიულ გაგრძელებად აფასებენ.


"ჩვენთვის ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრობა არ არის მხოლოდ ფორმალური სტატუსი; ეს არის განაცხადი იმაზე, რომ Ecovis Georgia სრულად იზიარებს ევროპულ ღირებულებებსა და მართვის მაღალ სტანდარტებს. ჩვენი მიზანია, ჩვენი საერთაშორისო ექსპერტიზა და გლობალური ქსელის რესურსები გამოვიყენოთ საქართველოში ბიზნეს-კლიმატის გაჯანსაღებისთვის. EBA-სთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, ჩვენს კლიენტებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევთავაზოთ ევროპულ ბაზარზე წვდომისა და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების კუთხით," - აცხადებს ირაკლი სირაძე, Ecovis Georgia-ს მმართველი პარტნიორი.



"Ecovis-ის სიძლიერე ყოველთვის იყო ლოკალური ცოდნისა და გლობალური გამოცდილების სინერგია. ევროპულ ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანება გვაძლევს უნიკალურ ტრიბუნას, რათა დავიცვათ ბიზნესის ინტერესები და ხელი შევუწყოთ მაღალი პროფესიული სტანდარტების დანერგვას აუდიტისა და კონსულტაციების სფეროში. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გუნდს, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ხიდების მშენებლობას ემსახურება," - აღნიშნავს ივანე კუტიბაშვილი, Ecovis Georgia-ს მმართველი პარტნიორი.


ევროპული ბიზნეს ასოციაცია მიესალმება Ecovis-ის შემოერთებას და ხაზს უსვამს საერთაშორისო დონის მოთამაშეების ჩართულობის მნიშვნელობას მდგრადი ეკონომიკის მშენებლობის პროცესში.


John Braeckeveldt, EBA-ს პრეზიდენტი:
„მოხარული ვართ რომ Ecovis Georgia ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრი გახდა.
კომპანიის საერთაშორისო გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს EBA-ის, როგორც ასოციაციის განვითარებაში, ასევე დამატებით სიძლიერეს შესძენს ასოციაციის იურიდიულ და საგადასახადო კომიტეტებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც გამოირჩევიან ევროპული სტანდარტებითა და ღირებულებებით, სოციალური პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმითა და მაღალი პროფესიული ეთიკით. ამ მხრივ, Ecovis Georgia ნამდვილად ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა ქართულ ბაზარზე, შესაბამისად გვჯერა რომ არაერთ ერთობლივ ინიციატივასა თუ პროექტს წარმატებით განვახორციელებთ, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე."


Ecovis Georgia და ევროპული ბიზნეს ასოციაცია გეგმავენ აქტიურ თანამშრომლობას, რაც მოიცავს ერთობლივ ღონისძიებებს, საგანმანათლებლო ვორქშოფებსა და ბიზნეს-დიალოგებს, რომლებიც მიმართული იქნება კერძო სექტორის გაძლიერებისკენ.



კომპანიის შესახებ:
ECOVIS საქართველო არის საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია ქმნის ხარისხის ახალ სტანდარტებს ქართულ ბაზარზე. კომპანიამ საქმიანობა 2013 წელს, შპს ATA Partners-ის სახელით დაიწყო, ხოლო 2020 წლიდან გახდა ECOVIS International-ის გლობალური ქსელის წევრი, რომელიც აერთიანებს 9,000-ზე მეტ პროფესიონალს 80-ზე მეტ ქვეყანაში.

დღეს ECOVIS საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ორგანიზაციას სფეროში, რომელიც აერთიანებს 120-ზე მეტ კვალიფიციურ თანამშრომელს. წლიურად საშუალოდ 15%-იანი ზრდით, კომპანია განაგრძობს განვითარებას როგორც ადამიანური რესურსების, ისე სერვისების ხარისხის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელთა პროფესიული წინსვლა და შიდა კარიერული ზრდა ECOVIS-ის კულტურის საფუძველს წარმოადგენს - სტაჟიორებიდან მენეჯმენტამდე გზა რეალური და მიღწევადია.

ECOVIS საქართველოს სერვისები მოიცავს აუდიტს, ბუღალტრულ აღრიცხვას, საგადასახადო და იურიდიულ კონსულტაციას, საერთაშორისო დაბეგვრას, კორპორატიულ ფინანსებსა და საშემფასებლო მომსახურებას. ჩვენი კლიენტები წარმოადგენენ ყველა ძირითადი სექტორის კომპანიებს - ენერგეტიკიდან და ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, აგრობიზნესით, IT-ით, საცალო ვაჭრობითა და მომსახურებით დამთავრებული. მრავალფეროვანი პორტფოლიო გვაძლევს შესაძლებლობას, შევთავაზოთ თითოეულ ბიზნესს ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 59

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
Ecovis საქართველო ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრი გახდა