პრესრელიზი
16 თებერვალი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
IFC სურსათის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესრულებასა და ექსპორტის გაზრდაში ეხმარება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 16 თებერვალი, 2011 წელი - თელავი, საქართველო, 16 თებერვალი, 2011 - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, იწყებს სემინარების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს სურსათის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს შეასრულონ სურსათის უვნებლობის ახალი მოთხოვნები, გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის პრაქტიკა, აამაღლონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა და გაზარდონ სურსათის ექსპორტი.
პირველი სემინარი 16 თებერვალს თელავში ჩატარდება. მასზე ყურადღება საკანონმდებლო მოთხოვნებზე გამახვილდება, მათ შორის სურსათის მწარმოებელ კომპანიებში ჰიგიენის ნორმების დაცვასა და პროდუქციის ეტიკეტირების მოთხოვნებზე. IFC-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტის ექსპერტები, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშორმლობით, დაეხმარებიან კომპანიებს მოემზადონ ინსპექტირებისათვის, რომელიც ყველა ტიპის სურსათის და ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოებში ამა წლის იანვრიდან დაიწყო.
`ინსპექტირების მიზანია გამოავლინოს საწარმოებში ის საკითხები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს და დაეხმაროს მათ ამ საკითხების დროულად გამოსწორებაში," განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით კობერიძემ. `ჩვენთვის მნიშვნელოვანია IFC-სთან თანამშრომლობა საკანონმდებლო მოთხოვნების შესახებ მეწარმეთა ინფორმირებულობის ამაღლების სფეროში."
`ბევრ სურსათის მწარმოებელს, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, ესაჭიროება პრაქტიკული რჩევები ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით," განაცხადა საქართველოში IFC-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტის მენეჯერმა მაია თევზაძემ. `IFC-ის საქმიანობა დაეხმარება მათ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის პრაქტიკა, რაც მათ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს."
საწარმოების დახმარება სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებასა და სურსათის პროდუქტების ექსპორტის გაზრდაში რეგიონის მასშტაბით IFC-ის პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს გარდა, IFC-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტები უკრაინაში, ბელორუსსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში მიმდინარეობს. IFC-ის სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების პროექტი საქართველოში ხორციელდება BP-სა და მისი ნავთობის და გაზის პარტნიორებთან და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.
IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 36 პროექტში. გარდა ამისა, IFC თავისი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში მუშაობს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რაც მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. IFC-ის საკონსულტაციო პროექტი კომპანიებს ასევე სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებაში ეხმარება. საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა.
###
IFC-ის შესახებ
IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უჭერს მხარს. ჩვენ ვეხმარებით ხალხს სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში, უზრუნველვყობთ კერძო საწარმოებს დაფინანსებით, რათა მივცეთ მათ საშუალება მეტი ადამიანი დაასაქმონ და აუცილებელი მომსახურებით უზრუნველყონ საზოგადოება. ასევე ვახდენთ სხვა ორგანიზაციების კაპიტალის მობილიზებას და საკონსულტაციო მომსახურების მეშვეობით მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს ვქმნით. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, 2010 ფინანსურ წელს ჩვენს მიერ განხორციელებულმა ახალმა ინვესტიციებმა რეკორდულად მაღალ მონაცემს 18 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org
BP-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს: www.bp.com
ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკური პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს: http://english.bmf.gv.at