იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და უკვე მეოთხე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 500+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 60-მა ახალგაზრდამ და გამოვლინდა 9 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.
„წელს განსხვავებული ფორმატი გვაქვს, გადავწყვიტეთ, რომ მოვერგოთ არსებულ რეალობას და პროგრამა მთლიანად გადავიტანოთ ონლაინ რეჟიმზე. გარდა ამისა, გვაქვს ძალიან კარგი სიახლეები რეგიონების გაძლიერების კუთხით. თუ აქამდე პროგრამა მხოლოდ 6 ფინალისტ გუნდს აძლევდა შესაძლებლობას გაევლოთ საინკუბაციო პერიოდი და ამ ექვსეულში ძირითადად მხოლოდ თბილისის გუნდები ხვდებოდნენ, წელს გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დამატებით 4 გუნდს რეგიონებიდან მიეცემა შანსი, რომ გაიარონ ინკუბაცია და მენტორებთან ერთად იმუშაონ სამეწარმეო იდეების განვითარებაზე.“ - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.
„საქართველოს ბანკისათვის სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მოხარული ვართ, რომ პროგრამისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. წლევანდელი პროგრამა კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რადგან გაიზარდა რეგიონების რაოდენობა და პროგრამა მთლიანად გადაეწყო ახალ რეალობაზე, რაც ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს დაინახონ ახალი გამოწვევები, ხელს უწყობს მათ ახალი მიზნების, იდეების დასახვასა და განხორციელებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
„გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე. ამ პროცესში ახალგაზრდებს უდიდესი როლის შესრულება შეუძლიათ, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი აღჭურვა საჭირო უნარებითა და ცოდნით. გასულ წელს პირველად დავუჭირეთ მხარი Social Impact Award-ის განხორციელებას. წელს კი ჩვენი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ოთხი სამიზნე რეგიონის ახალგაზრდების ჩართვა ამ პროგრამაში, რაც ადგილობრივ დონეზე სოციალური მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა თიკო ტყეშელაშვილმა, UNDP-ის პროექტის მენეჯერმა.