პრესრელიზი
6 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფო ჭიჭინაძე,
UNDP საქართველო:
599 196907 (მობილური),
sophie.tchitchinadze@undp.org
UNDP, გარემოს დაცვის სამინისტრომ განახლებადი ენერგიის 8-წლიანი პროგრამის შედეგები შეაჯამეს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 6 მარტი, 2012 - გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ განახლებადი ენერიის სფეროში განხორციელებული 8-წლიანი ინიციატივის შედეგების შეაჯამეს. 4.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა გარემოს დაცვის გლობალური ფონდის (GEF) დაფინანსებით განხორციელდა.
პროგრამის უშუალო შედეგებს შორისაა 3 მცირე ჰიდროელექტროსადგურის აგება და რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში, 5 მცირე ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკური ხელშეწყობა, განახლებადი ენერგიის ფონდის დაარსება, განახლებადი ენერგიის საპილოტო პროექტებისათვის სპეციალური საკრედიტო ხაზის გახსნა და თბილისში გეოთერმული წყლის მიწოდებისა და ცირკულაციის საპილოტო ინიციატივის განხორციელება, რომელსაც ამჟამად 5 ათასზე მეტი მომხმარებელი იყენებს.
„მდგრადი და შორსმჭვრეტელი ენერგო პოლიტიკა თანამედროვე სამყაროს მოთხოვნაა. განახლებადი ენერგიის გამოყენება, მაგალითად მზისა და ჰიდროენერგიის, გეოთერმული ენერგო წყაროების, ქარის ენერგიისა და ბიოგაზის, იმის წინაპირობაა, რომ წარმოება არ შეუქმნის საფრთხეს არც გარემოს და არც მომავალ თაობებს. საქართველოს შემთხვევაში ეს იმის გარანტიაცაა, რომ ეკონომიკა შეინარჩუნებს მდგრადობას გრძელვადიან პერსპექტივაში და ახალი ენერგეტიკული რეალობის შესაბამისი იქნება", - თქვა სემინარის გახსნაზე საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა გიორგი ხაჩიძემ.
განხორციელებული პროგრამის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ზედმიწევნით შეაფასა საქართველოში განახლებადი ენერგიის გამოყენების პერსპექტივები და დაეხმარა მთავრობას ჩამოეყალიბებინა განვითარების სტრატეგია საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და ტექნიკური ბარიერების დაძლევის მიზნით.
2010-2011 წლებში UNDP-ის უშუალო ხელშეწყობით კერძო ბანკებსა და ინვესტორებს საშუალება მიეცათ აეღოთ სესხები მცირე ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მიერ მართული 5 მილიონი ევროს ოდენობის განახლებადი ენერგიის ფონდიდან.
UNDP მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. გარდა ამისა, პროექტში ჩართულები იყვნენ თბილისის მერია, რაჭის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ხელისუფლება, ბანკები და კერძო კომპანიები.
„UNDP ხელს უწყობს ენერგეტიკის საკითხებისადმი კომპლექსური მიდგომის შემუშავებას განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით. საქართველოს შთამბეჭდავი შესაძლებლობები აქვს განახლებადი ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით. მთიან რეგიონებში განახლებადი ენერგო წყაროების გამოყენებას შეუძლია ცხოვრების დონის ამაღლება, ადგილობრივი წარმოებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა", - თქვა სოფო ქემხაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.
მან დასძინა, რომ UNDP კვლავაც შეუწყობს ხელს საქართველოში გონივრული ენერგო პოლიტიკის განვითარებას უფრო მდგრადი, მწვანე და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო: 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org
ეკა ბენდელიანი, გარემოს დაცვის სამინისტრო: 599 287940 (მობილური), katerina@moe.gov.ge