28 იანვარი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. მისი წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს. ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია, სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/3 და თავმოყრილია მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების 40%, რომლის წილი ქალაქის დაბინძურებაში 95%-ზე მეტია.
დამაბინძურებელი ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება ატმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც ამ მავნე ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.
ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ემისიების მოცულობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ავტომობილების ტექნიკური გაუმართობაა.
საქართველოში საავტომობილო პარკი მოძველებულია. 2012 წლის მონაცემებით მანქანების 91% 10 წელზე მეტი ასაკისაა და კონტროლის არარსებობის პირობებში სავარაუდოა, რომ ავტომობილების უმრავლესობა ტექნიკურად გაუმართავია. გამონაბოლქვი აირის მოცულობა და ტოქსიკურობა კი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ძრავის კონსტრუქციაზე, ტექნიკურ მდგომარეობასა და მუშაობის რეჟიმზე. მაგალითად, დიზელის ძრავის გაუმართაობის შემთხვევაში ჭვარტლის წარმოქმნა შეიძლება 20-ჯერ გაიზარდოს. კარბურატორის გაუმართაობის შემთხვევაში კი 2-10-ჯერ იმატებს გამონაბოლქვ აირში ნახშირბადის ოქსიდის რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, რომლებიც საავტომობილო პარკის დაახლოებით 80%-ს შეადგენს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რეგულირება საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხორციელდება, რადგან 2004 წლიდან მათთვის ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება ნებაყოფლობითია.
სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო და ამავე დროს ეფექტური პერიოდული ტექდათვალიერების (ეკოლოგიურ პარამეტრთა ჩათვლით) ამოქმედებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული არსებული საავტომობილო პარკის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და შესაბამისად მავნე გამონაბოლქვის შემცირებაც.
სავალდებულო პერიოდული ტექდათვალიერების ამოქმედება ხელს შეუწყობს ავტოპარკის შესახებ საჭირო საწყისი ინფორმაციის (ავტომობილის ტიპი, ძრავის კუბატურა, ასაკი, გარბენი, მოძრაობის საშუალო სიჩქარე და ა.შ) უზრუნველყოფას, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება ავტოტრანსპორტიდან გაფრქვევების თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით გაანგარიშება და დაბინძურების უფრო რეალური სურათის მიღება.