პრესრელიზი
9 მაისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
+995 577 293979
pr@moe.gov.ge
ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის შეხვედრა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა „ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის“ პირველი შეხვედრა.
კომისია შეიქმნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე. მის შემადგენლობაში შედიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, თბილისის მერიისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
ავტოტრანსპორტიდან გარემოს დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის მიზანია ,,საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ” სახელმწიფო პროგრამის შექმნა. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება ღონისძიებები ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ძველი ავტოპარკის თანდათანობითი განახლების, საწვავის ხარისხის გაუმჯობესებისა და მისი კონტროლის სისტემის დანერგვის, ავტომობილების რაოდენობის და მოძრაობის ინტენსივობის შემცირების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ჰაერის ხარისხის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით.
საქართველოში, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ავტოტრანსპორტია. ქვეყნის მთლიანი გაფრქვევის დაახლოებით 70%-ს სწორედ ავტოტრანსპორტის გაფრქვევები შეადგენს. მაგალითად, თბილისის ჰაერის ხარისხის ფორმირებაში ავტოტრანსპორტის სექტორს 95%-ზე მეტი უჭირავს, რასაც მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: ავტომობილების რაოდენობა და მისი სწრაფი ტემპით ზრდა, მოძრაობის ინტენსივობა, ავტოპარკის ასაკი და ტექნიკური მდგომარეობა, საწვავის დაბალი ხარისხი და მისი კონტროლის სისტემის არარსებობა, არასათანადოდ განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საზოგადოების ცნობიერების დონე და სხვა.