21 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის შედეგების პრეზენტაცია „აშშ-საქართველოს პარტნიორობა ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის“ გამართა. კომპაქტის დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2014-2019 წლებში განახორციელა პროექტები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური STEM პროფესიებისა და განათლების განვითარებას. განხორციელებული პროექტები და ინვესტიციები მნიშვნელოვანია ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის შექმნისთვის, რაც უმუშევრობის დაძლევას, სიღარიბის შემცირებას და საქართველოს ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.
ღონისძიებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელი სინტია ჰუგერი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, საქართველოს მთავრობის, განათლების, ეკონომიკის, არასამთვრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და კომპაქტის ბენეფიციარები დაესწრნენ.
„ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი - ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტია, რომელიც 2014-2019 წლებში განხორციელდა საქართველოში. დღეს შევაჯამეთ კომპაქტის შედეგები, საზოგადოებას წარმოვუდგინეთ ის პროექტები და ინიციატივები, რაც კომპაქტის დაფინანსებით განხორციელდა. კომპაქტი 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას გულისხმობდა გრანტის სახით საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. განათლებაში ჩადებული ინვესტიციები ყველაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის წინსვლისთვის. დღეს აშშ-სთან პარტნიორობას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
„განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ბევრს ვაკეთებთ ამ მიმართულებით, რადგან საქართველოს სურს რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა სწორედ განათლების კუთხით. კომპაქტის ფარგლებში 91 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა, სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 39 ათასი საქართველოს მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა განმანათლებელმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა შემუშავდა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები გვყავს უკვე წელს. საქართველოში განხორციელებული კომპაქტი საუკეთესოა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ისტორიაში“, - აღნიშნა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელმა სინტია ჰუგერმა.