პრესრელიზი
7 დეკემბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ინგა ნიკაგოსიანი
ტელ: 577 293979
ამერიკელი პროდიუსერის და სცენარისტის ჯიმ სტარკის მასტერკლასი
7 დეკემბერს, 17:00–ზე, კ/თ „ამირანის“ მე-2 დარბაზში თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური სტუმარი, ამერიკელი პროდიუსერი და სცენარისტი ჯიმ სტარკი ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე „პროდიუსერის შემოქმედებითი როლი დამოუკიდებელ კინოში“. უშუალოდ მასტერკლასის დაწყებამდე, 7 დეკემბერს, 15:00 საათზე, კ/თ „ამირანის“ მე-2 დარბაზში ფესტივალის სპეციალური ჩვენების სექციაში ნაჩვენები იქნება ფრიდრიკ თორ ფრიდრიკსონის ფილმი “ცივი ცხელება” (1995 აშშ/იაპონია/ისლანდია/დანია/გერმანია), რომლის პროდიუსერი და თანასცენარისტი ჯიმ სტარკია.
ჯიმ სტარკის პროდიუსირებულ 22 ფილმს შორისაა რეჟისორ ჯიმ ჯარმუშის ისეთი ცნობილი ფილმებიც, როგორებიცაა: “Mystery Train”, “Down by Law”, “Coffee and Cigarettes”, “Night on Earth”.
კინემატოგრაფიაში ჯიმ სტარკის პირველი ნამუშევრები ჯიმ ჯარმუშის სახელს უკავშირდება. იგი ჯარმუშს მცირებიუჯეტიანი ფილმის, „Stranger Than Paradise’-ის დაფინანსებაში, წარმოებასა და გაყიდვაში დაეხმარა. ამის შემდეგ ჯიმ სტარკი ჯარმუშის კიდევ სამი სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის პროდიუსერი იყო. ჯიმ სტარკის 25-წლიანი საპროდიუსერო კარიერა მის ვრცელ ფილმოგრაფიაშია ასახული, რომელიც არაერთ წარმატებულ ფილმს მოიცავს. ერთ-ერთი მათგანი, ბენტ ჰამერის „ფაქტოტუმი“, რომელიც ჩარლზ ბუკოვსკის ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული, თბილისის მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში იყო წარმოდგენილი 2006 წელს.
ჯიმ სტარკის საქართველოში ვიზიტის ორგანიზება კინოხელოვნების ცენტრმა „პრომეთემ“ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით მოახერხა.