პრესრელიზი
4 აპრილი,2011საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში- ტურისტული ზონების განვითარება და მოსახლეობის ინტერესები
ანგარიშის პრეზენტაცია "საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში" (გონიოს მაგალითი)
დრო: 5 აპრილი, 14:00-15:30სთ
ადგილი: სასტუმრო "თბილისი მარიოტი", წვეულებათა დარბაზი
[PUBLICITY.GE] თბილისი, 4 აპრილი , 2011 წელი - საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში განსაკუთრებით მწვავედ მას შემდეგ დადგა, რაც სვანეთის, ანაკლიის, გონიოსა და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიები ტურისტულ ზონებად გამოცხადდა და ინფრასტრუქტურული განვითარების ფართომასშტაბიანი პროექტები დაიწყო. გაიზარდა პოტენციურ ინვესტორთა დაინტერესებაც, რაც ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას ქმნის. თუმცა, გარდა დადებითი შედეგისა, აღნიშნული ტერიტორიების ტურისტულ ზონებად გადაქცევას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები შეეწირა.
ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრების მიმართ გამძაფრებული ინტერესის ფონზე, არაერთხელ დაფიქსირდა ამგვარ ზონებში საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები.
საჭირო გახდა ამ პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დაუყოვნებელი რეაგირება. ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" დახმარებით პროექტის "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა" განხორციელება დაიწყო და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების საფუძველზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებს შეისწავლის. ასევე აგროვებენ ინფორმაციას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით.
ანგარიში "საკუთრების უფლების დაცვის პრობლემა საქართველოში" საზოგადოებას 5 აპრილს წარედგინება. დოკუმენტში თავმოყრილია კვლევის პირველი ეტაპის შედეგები და სოფელ გონიოს მაგალითზე საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებულ პრობელემბზე მოგვითხრობს. მასში ყურადღება გამახვილებულია გონიოში 271 მოქალაქისათვის 2007-2010 წლებში საჩუქრად გადაცემული და დაკანონებული მიწების უკან ჩამორთმევის შემთხვევაზე. ანგარიში ამ შემთხვევის სამართლებრივ შეფასებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან კავშირის ანალიზს გვთავაზობს.