ვიზიტის ფარგლებში, ქ-ნი ჰუგერი, შეხვედრას გამართავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილთანაც. ის ასევე შეხვდება კომპაქტის პროექტების ბენეფიციარებთან, დაათვალიერებს ახლად აშენებულ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსსა და რკინიგზის კოლეჯის ახლად რეაბილიტირებულ შენობას. ხოლო, 24 აგვისტოს ის დაესწრება გოგოების სართაშორისო ბანაკის „ქალები მეცნიერებაში“ (WiSci – Georgia) დახურვის ცერემონიას. ბანაკი პირველად იმართება საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერით. საერთაშირისო ბანაკის ორგანიზატორია გაერთიანებული ერების ფონდის პროგრამა GirlUp-ი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ხოლო პარტნიორები არიან კომპანიები Intel, Google, Microsoft და მიკრობიოლოგიის ამერიკული ასოციაცია. ბანაკში მონაწილეობას იღებს 100 გოგონა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
კომპაქტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტებს, რაც ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო სექტორებში. მათ შორის კომპაქტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია უტარდება საჯარო სკოლებს რეგიონებში, მიმდინარეობს მასწავლებლების პროფესიული განვითარების ტრენინგ პროგრამა, დაიწყო ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და საქართველოში 2015 წლიდან შემოვიდა აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც აშშ-ში აკრედიტებულ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულ დარგებში.