01/06/2026საქართველოში ბეჭდვისა და შეფუთვის თანამედროვე ინდუსტრია ახალგაზრდებსა და კარიერული განვითარების მსურველებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიას სრულიად უფასოდ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და დასაქმების რეალური შანსი წამყვან კომპანიებში.
პროექტის ფარგლებში, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, შემუშავდა პროფესიული მომზადების პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, პრაქტიკულ ცოდნასა და შრომის ბაზარზე მოთხოვნად უნარებზე.
ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, თუმცა ჯერ კიდევ არასაკმარისად აღიარებული დარგია, განსაკუთრებით გენდერული თანასწორობის მიმართულებით. პროექტის მიზანია პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდების და განსაკუთრებით ქალებისთვის, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სამუშაო ძალის უნარებს შორის შეუსაბამობის შემცირებას და ინკლუზიური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორში.
სახელმწიფო ავტორიზებული პროფესიული პროგრამის მონაწილეები გაივლიან 4-თვიან სწავლებას, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებენ სახელმწიფო სერტიფიკატს. თეორიული სწავლება განხორციელდება „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიშ"ი პროფესიონალი ლექტორების ჩართულობით, ხოლო პრაქტიკული გამოცდილების მიღება შესაძლებელი იქნება ბეჭდვისა და შეფუთვის ლიდერ კომპანია „კოლორპაკში".
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ ორი თანამედროვე და მოთხოვნადი პროფესიული მიმართულებიდან ერთ-ერთი:
•„ბეჭდვის პროცესების ტექნიკოსი"
•„ბეჭდვის შემდგომი პროცესების ტექნიკოსი"
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ საბეჭდ და საგამომცემლო კომპანიებში, ბეჭდვისა და შეფუთვის საწარმოებში, ეტიკეტებისა და სარეკლამო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიურ საწარმოებში.
პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლია სრული ზოგადი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, „ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორში" პროექტის ფარგლებში. რომელსაც ახორციელებს საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის დარგის ლიდერი კომპანია „კოლორპაკი", კომპანია TBSC კონსალტინგის ჩართულობით.