პრეს რელიზი
5 მარტი, 2015,
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ რუხაძე,
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი
ტელ: 599 40 90 31, tamar.rukhadze@gmail.com
www.qartia.org.ge
მაია ქურციკიძე,
გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის
პროგრამის ხელმძღვანელი
მობ.: (+995 599) 53 30 71
ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org
www.unicef.ge
ბავშვთა საკითხების გაშუქება ქართულ მედიაში - იწყება მონიტორინგის ახალი ეტაპი
თბილისი. 6 მარტი. 2015 წელი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების მხარდასაჭერად. პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: მედიის მონიტორინგი, სემინარები ჟურნალისტებისათვის საქართველოს რეგიონებში(ბათუმი, გორი, თელავი), ბავშვთა საკითხებზე მომზადებული სიღრმისეული ნამუშევრების გამოვლენა და ადვოკატირება მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოებში ბავშვთა საკითხებზე შესული განცხადებების განხილვის გასააქტიურებლად.
მონიტორინგის მიზანი, ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა და ბავშვთა აღიარებულ უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზია. ქარტიის მონიტორებმა დაკვირვება დაიწყეს 2015 წლის 1-ლი მარტიდან. მონიტორინგის გაგრძელდება 2015 წლის 30 სექტემბრამდე. მონიტორები შეისწავლიან, როგორც სიუჟეტებსა და სტატიებს, ისე მოკლე ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხება ბავშვებს.
მონიტორინგის შედეგების შესახებ მომზადდება ორი ანგარიში, შუალედური ანგარიში გამოქვეყნდება ივნისში და ის მოიცავ პროექტის პირველ ნაწილს, ხოლო საბოლოო ანგარიშს ქარტია საზოგადოებას წარუდგენს ოქტომბერში. მედია მონიტორინგის პროცესში გამოვლინდება საუკეთესო ნამუშევრები და მოხდება ავტორთა დაჯილდოება.
პროექტის განმავლობაში გაიმართება სემინარები რეგიონებში მოღვაწე ჟურნალისტებისათვის და მიიღება განაცხადები მონაწილეობის მსურველთათვის. ბათუმში გამართული სემინარში მონაწილეობას მიიღებენ აჭარასა და დასავლეთ საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტები, გორში დაგეგმილი ტრენინგი გამიზნულია როგორც უშუალოდ ქალაქში, ისე შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მომუშავე მედიის წარმომადგენლებისათვის, ხოლო თელავის სემინარი მოიცავს კახეთის მასშტაბით დასაქმებულ ჟურნალისტებს.
წლის ბოლოს ტრადიციულად მოხდება იუნისეფის და ქარტიის ერთობლივი სპეციალური პრიზის გადაცემა ბავშვთა საკითხების სიღრმისეული გაშუქებისთვის.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2013-2014 წლებში ორი მსგავსი პროექტი განახორციელა გაეროს ბავშვთა ფონდთის მხარდაჭერით. ჩატარებული მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქებისას, მედია, განსაკუთრებით ახალ ამბებში, ძირითადად, ცდილობს, დაიცვას ბავშვთა უფლებები და ეთიკური ნორმები. ჟურნალისტები და რედაქტორები მეტი სიფრთხილით ეკიდებიან ბავშვებთან დაკავშირებულ თემებს, თუმცა ბავშვის უფლებებისა და ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევები კვლავაც გვხდება.