ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე.
2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე (Scolopax rusticola) ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან (ნაცვლად 15 ოქტომბრისა) 1 მარტამდე პერიოდით, ვინაიდან, ბოლო წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დაფიქსირებულია ამ სახეობის 15 ოქტომბერზე ადრე შემოსვლა. ტყის ქათამზე ნადირობის დასრულების ვადა, 1 მარტი, დარჩა უცვლელი, რადგან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტყის ქათამზე ნადირობა, ძირითადად, თებერვლის თვეში წარმოებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტყის ქათმის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება არ არის დაფიქსირებული.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.