ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გაეროს ბავშვთა ფონდმა გახსნა ფოტოგამოფენა - ”გვსურს მხოლოდ მშვიდობა!”
27/03/2009
 

პრესრელიზი

26 მარტი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
  
გაეროს ბავშვთა ფონდმა გახსნა ფოტოგამოფენა - ”გვსურს მხოლოდ მშვიდობა!”

საკონტაქტო ინფორმაცია:
მაია ქურციკიძე
გაეროს ბავშვთა ფონდის
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: 23 23 88, 25 11 30; 899 53 30 71
ფაქსი: 25 12 36
ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org
ვებ-გვერდი: www.unicef.org/georgia

"მე გადავიღე დანგრეული და დამწვარი სახლები, მათ დანახვაზე სიბრალულის გრძნობა მიჩნდება. ჩემი სახლიც დაიწვა სოფელ ერგნეთში და ძალიან მტკივა გული. ვდარდობ, რომ ვერ ვბრუნდები ჩემს სოფელში, სადაც ჩემმა ბავშვობამ გაიარა და ჩემს სახლთან ერთად დაიწვა. იმ სახლში ბევრი მოგონება და ბევრი საყვარელი სათამაშო დამრჩა." - 13 წლის ლიკა კასრაძე ერგნეთიდან

 

[PUBLICITY.GE] თბილისი, 27 მარტი, 2009  - 26 მარტს კინოთეატრ ”ამირანში”გაეროს ბავშვთა ფონდმა გახსნა გამოფენა - ”გვსურს მხოლოდ მშვიდობა!”, სადაც წარმოდგენილია კონფლიქტით დაზარალებულ ბავშვთა მიერ გადაღებული აგვისტოს ომის შედეგების ამსახველი ფოტოები.
 
2008 წლის ოქტომბერში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალაქ გორში იუნისეფისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ბილიკის"  ორგანიზებით გაიმართა ხუთდღიანი ფოტო-სემინარი, რომელშიც 10-17 წლის ასაკის 22 ბავშვი მონაწილეობდა. სემინარს უძღვებოდა იუნისეფის ფოტოგრაფი ჯაკომო პიროცი.

სემინარში მონაწილეობდნენ ბავშვები გორიდან და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახლომდებარე სოფლებიდან. ზოგიერთი ბავშვი თავად იყო დევნილი, რადგან მათი სახლები დაიწვა ან დაინგრა, ხოლო ზოგმა დაკარგა ახლო ნათესავი საომარი მოქმედებების შედეგად. სემინარი მიზნად ისახავდა ბავშვებისათვის ფოტოგრაფიის ძირითადი უნარ-ჩვევების გაცნობას.

პირველი ორი დღის განმავლობაში ბავშვებმა შეისწავლეს ფოტოგრაფიის საფუძვლები და იუნისეფისაგან საჩუქრად მიიღეს ციფრული ფოტოაპარატები. მესამე დღეს ბავშვები თავად გავიდნენ ფოტოების გადასაღებად. მათ მოინახულეს იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური ცენტრები, სკოლები და სოფლები, რომლებიც  ძლიერ დაზარალდნენ საომარი მოქმედებების შედეგად. 

ფოტო-სემინარის პროექტი მიზნად ისახავდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ბავშვთა ემოციურ და ფსიქო-სოციალურ დახმარებას. ფოტოგამოფენის ორგანიზება სწორედ აღნიშნული ფოტო-სემინარის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ფოტოგამოფენის საშუალებით გაეროს ბავშვთა ფონდმა ფოტოგრაფ ბავშვებს კიდევ ერთი ლამაზი დღე მოუწყო: გარდა იმისა, რომ ბავშვების ნამუშევრები ფართო საზოგადოებამ იხილა და მედიის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში მოექცა, ანუკა მურვანიძის მიერ ბავშვების სახეებზე ლამაზი კომპოზიციების შესრულების პროცესმა მათ სიხარული და აღფრთოვანება მოჰგვარა, ვიოლინოსა და გიტარის ცოცხალი მუსიკა კი საერთო გარემოს მნიშვნელოვან და კიდევ უფრო აღმატებულ ელფერს სძენდა.
 
გამოფენა ოფიციალურად გახსნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში - ჯიოვანა ბარბერისმა და ფოტოგრაფ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა, შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა - ჯაკომო პიროციმ, რომლის მიმართაც ბავშვები უსაზღვრო სიყვარულს გამოხატავდნენ მათთვის ნაჩუქარი ლამაზი დღეების გამო. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ ცნობილი ფოტოგრაფები - იური მეჩითოვი და ირინა აბჟანდაძე. იური მეჩითოვმა დიდი მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს ბავშვებისათვის ასეთი არაჩვეულებრივი შესაძლებლობის შექმნის გამო.

გამოფენაზე წარმოდგენილი სურათები გასაოცარია და ნათლად ასახავს იმ ტკივილსა და წუხილს, რაც ამ ახალგაზრდა ნიჭიერმა ფოტოგრაფებმა განიცადეს კონფლიქტის დღეებში და მას შემდეგ, როდესაც მათ თავად ნახეს ომის შედეგად გამოწვეული ნგრევა და შეხვდნენ იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაც აგვისტოს დღეებში მთლიანად შეიცვალა.

გამოფენა - ”გვსურს მხოლოდ მშვიდობა!” კინოთეატრ”ამირანში” (კოსტავას № 36) 26 აპრილამდე გასტანს.
 
 

###
 

წაკითხულია: 11761